რიცხვები არ ტყუიან | Toyota Prius-ს პრობლემები აქვს...
აშშ-ის საავტომობილო ბაზარზე პარადოქსული რეალობის წინაშე აღმოვჩნდით — მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდებზე მოთხოვნა პიკზეა, ამ სეგმენტის მეფე, Toyota Prius-ი პოზიციებს კარგავს. 2026 წლის აპრილის მონაცემები Toyota-სთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
მონაცემები შოკისმომგვრელია: აპრილში Prius-ის გაყიდვები გასული წლის აპრილთან შედარებით 66%-ით შემცირდა (მხოლოდ 2 301 გაყიდული ერთეული). წლის დასაწყისიდან კი ვარდნა თითქმის 50%-ს შეადგენს.
ამავე დროს, მაშინ როცა ამბობენ, რომ ელექტრომობილების ბუმი ნელდება, Toyota-ს ელექტრო SUV-მა, bZ-მა, ნამდვილი სენსაცია შექმნა — მისი გაყიდვები 174.9%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვები ჯერ გიგანტური არ არის მან მაინც მოახერხა და Prius-ს გაასწრო. 2025 წლის განახლებამ, გაუმჯობესებულმა დიზაინმა და გაზრდილმა გარბენმა მომხმარებლებზე აშკარად იმოქმედა.
რატომ აღარ ყიდულობენ Prius-ს?
ამას რამდენიმე ლოგიკური მიზეზი აქვს — პირველი Camry-ს ეფექტია. ახალი ჰიბრიდული Camry ძალიან პოპულარულია, მისი გაყიდვები 17.9%-ით გაიზარდა და 2026 წელს უკვე 111 674 ერთეული გაიყიდა. მომხმარებელი უპირატესობას უფრო დიდ სედანს ანიჭებს, რომელიც ისეთივე ეკონომიურია, როგორც Prius-ი.
მეორე პრობლემა ტარიფებია — Camry აშშ-ში იწარმოება, Prius-ი კი — იაპონიაში. ტარიფების გამო, შესაძლოა, Prius-ის ფასი ნაკლებად კონკურენტული გახდა, ხოლო Toyota-სთვის Camry-ს გაყიდვა უფრო მომგებიანია.
წელს სერიოზულ ვარდნას განიცდის Toyota-ს ყველაზე პოპულარული SUV RAV4-იც (32.8%-ით ნაკლები გაყიდვა აპრილში). თუმცა, კომპანია ამბობს, რომ ეს დროებითია და გამოწვეულია ახალ თაობაზე გადასვლით — ძველი მოდელის წარმოება მცირდება, ახლის კი ჯერ არ დაწყებულა.
სამაგიეროდ, ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს 4Runner-ი — მისი გაყიდვები აპრილში 30%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან წარმოუდგენელი 156%-ით გაიზარდა.