ავტონომიური მანქანა, ავტოპილოტი, ხელოვნური ინტელექტი, ჯენერალ მოტორსი, თანამედროვე ტექნოლოგიები
Aa
Aa

GM-ის ავტონომიური მართვის კოდების 90% ხელოვნური ინტელექტის დაწერილია

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ავტონომიური მართვის ტექნოლოგია აქტიურად ვითარდება და არაერთ ქვეყანაში მუდმივ რეჟიმში იტესტება, მომხმარებლები მის მიმართ მაინც სკეპტიციზმით არიან განწყობილნი. ეს ერთის მხრივ ტექნოლოგიის სიახლით, მეორეს მხრივ კი იმ რამდენიმე საგზაო შემთხვევითაა განპირობებული, რომლებიც ამ სისტემებს უკავშირდება.

შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორის, მერი ბარას განცხადება მათ ვერ დაამშვიდებს — განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დღევანდელ სამყაროში ხელოვნური ინტელექტის მიმართ უნდობლობა ისედაც მაღალია.

2026 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგების წარდგენისას, მერი ბარამ აღნიშნა, რომ ავტონომიური მართვის გუნდის მიერ დაწერილი კოდის თითქმის 90% ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული. ბარას თქმით, ეს მიდგომა ხაზს უსვამს, თუ რამდენად სერიოზულად ნერგავს კომპანია ხელოვნურ ინტელექტს სამუშაო პროცესებში.

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საინტერესოა იმის ფონზე, რომ General Motors-ი ახალი თაობის Super Cruise-ის წარსადგენად ემზადება. ეს სისტემა მძღოლს საშუალებას მისცემს, მართვისას საჭესაც გაუშვას ხელი და მზერაც გზიდან გადაიტანოს ("eyes-off, hands-off"). სისტემას პირველად 2028 წელს, Cadillac Escalade IQ-ზე ვიხილავთ.

არსებული სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად კამერებსა და რადარებს ეყრდნობა, ახალი Super Cruise ლაზერული სკანირების ტექნოლოგიას (Lidar) გამოიყენებს. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი გარემოს გაცილებით მაღალი სიზუსტით აღიქვამს. ამასთანავე, სისტემა აღიჭურვება ფირუზისფერი განათებით, რომელიც მგზავრებსა და სხვა მძღოლებს აცნობებს, რომ ავტომობილი ავტონომიურ რეჟიმში იმყოფება.

სისტემა იმუშავებს ავტომაგისტრალებზე — იქ, სადაც მოძრაობა უფრო პროგნოზირებადია. Lidar-თან ერთად, უსაფრთხოებას კვლავ უზრუნველყოფს რადარებისა და კამერების ერთობლიობა.

თქვენ რას ფიქრობთ... ანდობდით ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კოდს თქვენს უსაფრთხოება?

მსგავსი სიახლეები