Cyber Tyre ახლოსაა: Pirelli-მ AI საბურავის შესაქმნელად შვედური კომპანია შეიძინა
იტალიური საბურავების გიგანტი Pirelli დიდი ხანია, სტანდარტული წარმოებით აღარ შემოიფარგლება და თავის პროდუქტში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას ცდილობს — კომპანიამ შვედური ტექნოლოგიური ფირმის, Univrses-ის აქციების 30% შეიძინა. ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს Pirelli-ს „ჭკვიანი“ საბურავების, Cyber Tyre-ის ტექნოლოგიის სრულყოფას ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული ხედვის მეშვეობით.
Cyber Tyre: უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სენსორი
ბევრს ჰგონია, რომ საბურავის სენსორი მხოლოდ წნევას ზომავს, თუმცა Cyber Tyre სრულიად სხვა სიმაღლეებს უმიზნებს. ეს აპარატურული და პროგრამული სისტემაა, რომელიც საბურავის შიგნით მოთავსებული სენსორების მეშვეობით აწვდის ინფორმაციას ავტომობილის მძღოლის დამხმარე სისტემებს (ADAS). Univrses-ის ჩართულობა კი ამ სისტემას „თვალებს“ მატებს.
შვედური კომპანიის მიერ შემუშავებული 3DAI ძრავა ავტომობილს სთავაზობს გარემოს სიღრმისეულ აღქმას, 3D პოზიციონირებას — ავტომობილმა ზუსტად იცის თავისი ადგილი რუკაზე და, რაც მთავარია, სწავლობს უშუალოდ გარემოსთან ურთიერთქმედებით. ასევე, საბურავები და კამერები ერთობლივად აგროვებენ მონაცემებს გზის საფარის მდგომარეობაზე.
ეს პარტნიორობა შორეულ მომავალზე გათვლილი თეორია არ არის. 2025 წელს იტალიაში, პულიაში საპილოტე პროექტი დაიწყო. Cyber Tyre-ის მონაცემები და Univrses-ის კომპიუტერული ხედვა ერთიანდება, რათა შეიქმნას რეგიონული გზების ინფრასტრუქტურის მუდმივად განახლებადი ციფრული რუკა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი საბურავები თავად მოუყვებიან საგზაო სამსახურებს, სად არის ორმოები ან სად სჭირდება ასფალტს განახლება.
როგორც Pirelli-ს მესვეურები ამბობენ, ეს არის ნაბიჯი ინოვაციური მომავლისკენ, როცა საბურავი აღარ იქნება უბრალოდ ცვეთადი ნაწილი — ის გახდება მონაცემთა წყარო, რომელიც AI-ზე დაფუძნებული, დაკავშირებული სამყაროს ნაწილია.