McLaren-მა ლე მანის რბოლისთვის ახალი, მძლავრი ჰიპერქარი წარადგინა
მაკლარენი ბრუნდება იქ, სადაც მისი ლეგენდა დაიწერა. ბრიტანულმა ბრენდმა წარმოუდგენლად მძლავრი და ცეცხლოვანი, ტრადიციულად ნარინჯისფერი McLaren MCL-HY წარადგინა, რომელიც 2027 წლის გამძლეობის მსოფლიო ჩემპიონატზე (World Endurance Championship) Ferrari-ს მთავარი კონკურენტი უნდა გახდეს.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა კაცმა იდეალური მანქანა?
ავტომობილის შეფერილობა ბრიუს მაკლარენის M6A-სა და M6GT-ის პატივსაცემად შეირჩა. მაკლარენისთვის ეს დაბრუნება მხოლოდ რბოლა არ არის, ეს არის ბრძოლა ავტოსპორტის სამმაგი გვირგვინისთვის, რაც გულისხმობს გამარჯვებას მონაკოს გრან-პრიზე, ინდიანაპოლის 500-სა და ლე-მანის 24-საათიან რბოლაში. 1995 წლის ლეგენდარული F1 GTR-ის გამარჯვების შემდეგ, მაკლარენი მზადაა ტიტული დაიბრუნოს.

MCL-HY აგებულია ნახშირბადის ბოჭკოს მონოკოკურ შასიზე, რომელიც იდეალურ ბალანსს უზრუნველყოფს. მისი კაპოტის ქვეშ კი Twin-Turbo V6 ძრავა და ჰიბრიდული MGU სისტემა იმალება. ჰიპერქარის წონა სულ რაღაც 1030 კილოგრამია, ხოლო სიმძლავრე თითქმის 700 ცხ.ძ-ს აღწევს. ინჟინრების თქმით, ეს მანქანა სრულყოფილი ბალანსია პიკურ სისწრაფესა და გამძლეობის რბოლებისთვის საჭირო ეფექტიანობას შორის.
Ferrari 499P Modificata-ს მსგავსად, გამორჩეულ კლიენტებს MCL-HY-ის სპეციალურ ვერსიას მაკლარენიც სთავაზობს. თუმცა აქ ერთი საინტერესო განსხვავებაა: კლიენტების ვერსიას არ აქვს ჰიბრიდული სისტემა, რაც მას კიდევ უფრო ამსუბუქებს და წონას ერთ ტონაზე ქვემოთ წევს. სიმძლავრე კი 726 ცხენის ძალამდე იზრდება. მაკლარენი ამას მართვის უფრო სუფთა გამოცდილებით ხსნის.
მფლობელები მიიღებენ სრულ საინჟინრო მხარდაჭერას, წვდომას WEC-ის პროგრამაზე, პერსონალურ მწვრთნელებსა და პიტ-ეკიპაჟს ექსკლუზიურ ტრეკ-დღეებზე. რბოლებისთვის განკუთვნილი MCL-HY-ის ტესტირება წელსვე დაიწყება, რათა მომავალ სეზონზე კონკურენტებს სრულ მზადყოფნაში დახვდეს.