Toyota პირობას დებს, რომ მის თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტი არ ჩაანაცვლებს
Toyota კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ფილოსოფია ინდუსტრიაში განუმეორებელია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის მიმართ შიში დიდია, იაპონური გიგანტი აცხადებს, რომ AI-ს არა ადამიანების ჩასანაცვლებლად, არამედ მათი გაძლიერებისთვის გამოიყენებს.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
 
კომპანიის მიზანია, შექმნას „ადამიანზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტი“, რომელიც თანამშრომლებს სწავლასა და ეფექტიანობის გაზრდაში დაეხმარება.
მომავლის ლაბორატორია შიზუოკაში
ამ ამბიციური გეგმის ეპიცენტრი Woven City-ია — გრანდიოზული ცენტრი იაპონიაში, რომელიც ძველი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა. ეს არ არის უბრალოდ სამუშაო სივრცე — ეს ცოცხალი ლაბორატორიაა, სადაც ტოიოტას თანამშრომლები, სტარტაპები და მეცნიერები ჭკვიან ინფრასტრუქტურაზე, ურბანულ დაგეგმარებასა და მართვის დამხმარე სისტემებზე ერთად მუშაობენ. ტოიოტას სურს, რომ ყველა AI მოდელი შიდა რესურსებით შექმნას, რათა სრული კონტროლი ჰქონდეს ხარისხსა და წარმოების სტანდარტებზე.
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი Akio AI-ია. ინჟინრები ათ წელზე ხანგრძლივად კომპანიის თავმჯდომარის, აკიო ტოიოდას გამოსვლებსა და ინტერვიუებს აგროვებდნენ, რათა მისი ციფრული ორეული შეექმნათ. ეს სისტემა მენეჯერებს ასწავლის აკიო ტოიოდას ეთიკასა და ფილოსოფიას, აძლევს მათ რჩევებს და ხელმისაწვდომია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. თავად აკიომ პირადად მიიღო მონაწილეობა სისტემის განვითარებაში, რათა ის მაქსიმალურად ზუსტი ყოფილიყო.
ტოიოტას შვილობილი კომპანია, Woven by Toyota ავითარებს ალგორითმებს, რომლებიც გამოცდილი ინჟინრებისა და მუშების საქმიანობის სტილს აანალიზებს. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას, საუკეთესო პრაქტიკა ახალი თანამშრომლებისთვის სასწავლო პროგრამად ავტომატურად გადააქციოს. გარდა ამისა, AI დაეხმარება მუშებს მენტალური დატვირთვის შემცირებაში, რათა მათ კრეატიულ იდეებს მეტი დრო დაუთმონ.
როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, დაისუკე ტოიოდამ აღნიშნა, მიზანია Toyota გახდეს ისეთივე მოქნილი და რისკიანი, როგორც ჩინური ავტომწარმოებლები, თუმცა ისე, რომ არ დაკარგოს თავისი მთავარი ღირებულება — ადამიანი.