მერსედესი, მერსედეს აიემჯი, მერსედეს აიემჯი სი63, მერსედეს ეს კლასი, მერსედეს აიემჯი ცე63
Aa
Aa

ოფიციალურად: AMG-ს ლეგენდარული V8 ძრავა ბრუნდება! შიგაწვის ძრავების ეპოქა გრძელდება

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, Mercedes-AMG საკუთარ მომავალს ბევრად მცირე მოცულობის, ჰიბრიდულ ძრავებს უკავშირებდა. ტექნოლოგიური კომპლექსურობის მიუხედავად, 4-ცილინდრიანმა C63-მა ავტოენთუზიასტების იმედები ვერ გაამართლა. მძღოლები კვლავ ძველი, მძლავრი და ხმაურიანი V8-ის დაბრუნებას ითხოვდნენ და, როგორც აღმოჩნდა, გერმანულმა გიგანტმა ეს თხოვნა შეისმინა — რვაცილინდრიანი აგრეგატი სამოდელო ხაზში წელსვე ბრუნდება.

სტრატეგიის ცვლილება AMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხაელ შაიბემ უკვე დაადასტურა. მიუხედავად ამისა, V8 ყველა მოდელში ხელმისაწვდომი არ იქნება. ახალი ძრავის დებიუტი წლის ბოლოს SUV კლასის ავტომობილებში შედგება, რის შემდეგაც იგი ეტაპობრივად სხვა მოდელებშიც გამოჩნდება. მათ შორის, V8 ძრავას მიიღებს Mythos-ის სერიის სპეციალური გამოშვება, რომელიც CLE Coupe-ზეა დაფუძნებული; ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, მხოლოდ შიგაწვის ძრავით 646 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ახალ V8-ს აუცილებლად მიიღებს GT-ზე დაფუძნებული Black Series-აც, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. ასევე, თუ Mercedes-AMG-ს სურს, რომ E63 გერმანული BMW M5-ისა და მომავალი Audi RS6-ის (Sedan/Avant) ღირსეულ კონკურენტად დარჩეს, რვაცილინდრიანი ძრავა ამ მოდელისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე კომპანია დამატებითი ტექნიკური დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს, თუმცა ხელმძღვანელობა სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდას გვპირდება.

გონივრულია იმის ვარაუდიც, რომ ინჟინრები მუშაობენ ე.წ. „ბრტყელი“ მუხლა ლილვის მქონე (Flat-plane crank) განახლებულ V8-ზე, რომელიც 2027 წლის S-Class-სა და GLS-ში უკვე გამოიყენება. ამ სრული ზომის მდიდრულ მოდელებში 4.0-ლიტრიანი ტურბო-ძრავა 530 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, თუმცა AMG-ის ვერსიებში ეს მაჩვენებლები გაცილებით მაღალი იქნება. რეალურად, ახალი აგრეგატი წარმოადგენს ლეგენდარული 4.0-ლიტრიანი BiTurbo ძრავის ღრმად მოდიფიცირებულ ვერსიას, რომელსაც შიდა დოკუმენტებში M177 Evo-ს სახელით მოიხსენიებენ.

აღსანიშნავია, რომ Mercedes-AMG-ს ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, გამოიყენებს თუ არა 4-ცილინდრიან ჰიბრიდულ სისტემას სამომავლო მოდელებში. კომპანიაში აღიარებენ, რომ ელექტროკომპონენტები ავტომობილს მნიშვნელოვნად ამძიმებს: „თუ მსუბუქი ავტომობილი გსურთ, ზოგჯერ სჯობს მხოლოდ V8 ძრავით შემოიფარგლოთ“.

მიუხედავად ამისა, მაღალი წარმადობის PHEV (დამუხტვადი ჰიბრიდი) მოდელები ბაზრიდან არ გაქრება. ისეთი ავტომობილები, როგორებიცაა GLE 53 და E53, კვლავ წარმოებაში რჩება და „კარგ კომპრომისად“ მიიჩნევა იმ რეგიონებისთვის, სადაც გამონაბოლქვზე მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. რაც შეეხება C-Class-ს, შაიბეს ინფორმაციით, განახლებული სედანი მიიღებს AMG-ვერსიას, რომელიც აღჭურვილი იქნება მაღალბრუნიანი, ექვსცილინდრიანი მწკრივი ძრავით. მისი სიმძლავრე 443 ცხ.ძ-ია, თუმცა Overboost ფუნქციით 472 ცხ.ძ-მდე იზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ: 7 ინოვაცია, რომელიც Mercedes-მა ავტოსამყაროს აჩუქა

საბოლოო ჯამში, როგორც მიხაელ შაიბე ამბობს, გერმანული კომპანია შიგაწვის ძრავებზე ფსონს აორმაგებს. მისი თქმით, მომავალში ვიხილავთ „იმაზე მეტ AMG-ს, ვიდრე ოდესმე“. საწარმოო ხაზი წარმოდგენილი იქნება ექვსცილინდრიანი და V8 მოდელების ფართო არჩევანით, ხოლო Maybach S-Class-ი კვლავ შეინარჩუნებს თავის კულტად ქცეულ V12 ძრავას. თუმცა, ეს 6.0-ლიტრიანი აგრეგატი მხოლოდ იმ ბაზრებზე დარჩება, სადაც CO2-ზე რეგულაციები შედარებით მსუბუქია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები