ლე მანის ტრაგედიიდან 71 წლის შემდეგ, შვეიცარიამ წრიული რბოლების აკრძალვა გააუქმა
გახსოვთ ლეგენდარული ხუმრობა Top Gear-იდან, როცა ჯერემი კლარკსონი შვეიცარიაში წრიული რბოლების აკრძალვას აშშ-ის მიერ ერაყში შეჭრას ადარებს? თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ:
View this post on Instagram
ახლა კი საავტომობილო სამყაროსთვის (სულ მცირე, შვეიცარიულისთვის მაინც) ისტორიული მომენტი დადგა —ქვეყანაში 71-წლიანი პაუზის შემდეგ, წრიულ რბოლებზე დაწესებული აკრძალვა საბოლოოდ გაუქმდა.
ეს კანონი ძალაში 1955 წლის ლე მანის ტრაგედიის შემდეგ შევიდა, რომელსაც 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ 2018 და 2019 წლებში Formula E-სთვის გამონაკლისი დაუშვა (ელექტრომობილების სტატუსის გამო), სრულფასოვანი ავტოსპორტი ამ დრომდე ტაბუდადებული რჩებოდა.
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა ოფიციალურად 1 ივლისიდან მოიხსნება. საინტერესოა, რომ აქამდე ქვეყანაში დაშვებული იყო ისეთი ფორმატები, როგორიცაა რალი და აღმართის დაძლევა, რადგან ისინი წრიულ ტრასებს არ საჭიროებდა. ახალი რეგულაციით კი გზა ეხსნება დიდ ღონისძიებებს, მათ შორის ფორმულა 1-საც.
მაინც, შვეიცარიის გრან-პრიზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან FIA-ს პირველი კატეგორიის ტრასების მშენებლობას წლები სჭირდება. გარდა ამისა, საბოლოო გადაწყვეტილებას რბოლების ჩატარებაზე შვეიცარიის 26 კანტონი ინდივიდუალურად მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შვიდი ათწლეულის განმავლობაში მოქმედი აკრძალვისა, შვეიცარიამ მაინც მოახერხა ისეთი ლეგენდარული პილოტების გაზრდა, როგორებიც კლეი რეგაცონი და სებასტიან ბუემი არიან. ბუემი, რომელიც ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტია, დღეს ლე მანის 24-საათიანი რბოლის ოთხგზის გამარჯვებულია.
შესაძლოა, ადრე თუ გვიან, ფორმულას რუკაზე ევროპის ეს ულამაზესი ქვეყანაც ვიხილოთ...