ამ Lexus LX 700-ში ვერც ერთი თავდასხმა ვერ შეგაშინებთ
იაპონურ SUV-ებს შორის გზებზე ავტორიტეტული იერი Lexus LX 700-ს ისედაც არ აკლია, თუმცა კომპანია Miami Armored-ის მიერ წარმოდგენილი ეს შავი ეგზემპლარი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მდიდრული ავტომობილი. ერთი შეხედვით ის ჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი მოძრავი ციხესიმაგრეა, რომელიც მგზავრების უსაფრთხოებას ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც კი უზრუნველყოფს.


Miami Armored-მა, კანადურ Inkas-თან თანამშრომლობით, ავტომობილი ისე გააძლიერა, რომ მას შეუძლია 7.62 მმ კალიბრის ტყვიებსა და ორი ხელყუმბარის ერთდროულ აფეთქებასაც კი გაუძლოს. შეჯავშნულია არა მხოლოდ სალონი, არამედ საწვავის ავზი, ძრავის განყოფილება და აკუმულატორიც, რადგან ავტომობილს გადაადგილება კრიტიკულ მომენტშიც შეეძლოს.

ავტომობილს აქვს 360-გრადუსიანი ბალისტიკური დაცვა, ტყვიაუმტარი მინები და სპეციალური სისტემა პანელებს შორის, რომელიც ტყვიის შეღწევას შეერთების ადგილებშიც გამორიცხავს. ტექნიკური მოდიფიკაციები მოიცავს გაძლიერებულ საკიდარსა და Runflat საბურავებსაც, რაც საშუალებას აძლევს ავტომობილს, გზა დაზიანებული საბურავებითაც კი განაგრძოს. კლიენტებს დამატებით შეუძლიათ შეუკვეთონ ღამის ხედვის კამერა, ჟანგბადის ფილტრაციის სისტემა, სახურავის საევაკუაციო ლუქი და სირენების სისტემაც.


მიუხედავად იმისა, რომ ჯავშანმა ავტომობილის წონა გაზარდა, მწარმოებლები აცხადებენ, რომ ეს მნიშვნელოვნად არ აისახება დინამიკაზე. ავტომობილის კაპოტის ქვეშ კვლავ რჩება საიმედო 3.5-ლიტრიანი Twin-Turbo V6 ჰიბრიდული ძრავა, რომელიც 457 ცხენის ძალასა და 790 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.
ასევე იხილეთ: პრეზიდენტის ლიმუზინის და ესკორტის საიდუმლო ფუნქციები