ჩინელ ბლოგერს BYD-ის რეპუტაციის დაზიანებისთვის 294 000 დოლარის გადახდა დაეკისრა
ჩინეთში ადგილობრივი ავტომწარმოებლების კრიტიკა შესაძლოა საკმაოდ ძვირი დაგიჯდეთ, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბლოგერმა საკუთარ თავზე გამოცადა. სასამართლო დავის წაგების შემდეგ, ცნობილ ბლოგერს, რომელიც ვიდეოებს Long Ge Talks EVs-ის სახელით აქვეყნებს, BYD-ის სასარგებლოდ 2 მილიონი იუანის (დაახლოებით 294 000 აშშ დოლარი) გადახდა და საჯარო ბოდიშის მოხდა დაეკისრა.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ბლოგერი გასულ წელს აქტიურად აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც BYD-ის სხვადასხვა მოდელის შეკეთების შემთხვევებს განიხილავდა. კლიპებში ის ეხებოდა კომპანიის ელემენტებს, ძრავებსა და ელექტრონული მართვის სისტემებს, თუმცა, სასამართლოს განმარტებით, მისი პრეტენზიები ყოველგვარ ტექნიკურ მტკიცებულებასა და არგუმენტაციას მოკლებული იყო. BYD-მა ბლოგერს ცილისწამებისა და კომპანიის რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა, სასამართლომ კი ბრენდის პოზიცია სრულად გაიზიარა. ბლოგერმა გასულ კვირას უკვე გამოაქვეყნა საპასუხო ვიდეო, სადაც თავის განცხადებებს „არაკორექტული“ უწოდა.

საინტერესოა, რომ ეს ამ ბლოგერისთვის პირველი შემთხვევა არ არის — მას წარსულში Seres-ისა და Aito-ს მარკის ავტომობილების მისამართით გაკეთებული რეპლიკების გამოც მოუწია ჯარიმის სახით 160 000 იუანის გადახდა. ჩინურ ავტობაზარზე მსგავსი სასამართლო დავები უცხო არ არის. მაგალითად, გასულ წელს ბრენდმა Avatr-მა სხვა ბლოგერს 10 მილიონი იუანის კომპენსაცია მოსთხოვა იმის გამო, რომ მან Avatr 12-ის ოფიციალური აეროდინამიკური მაჩვენებლები ეჭვქვეშ დააყენა. კომპანიამ ბლოგერი კონკურენტების მიერ დაფინანსებულ შავ პიარკამპანიაში დაადანაშაულა.

BYD-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ლი იუნფეი აცხადებს, რომ კომპანია ყოველთვის მზად არის მიიღოს ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა, თუმცა ნებისმიერ დაუსაბუთებელ თავდასხმას სამართლებრივი გზით უპასუხებს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ავტომწარმოებლების მხრიდან ბლოგერების ასეთი მკაცრი ფინანსური დასჯა, და ხომ არ შეუქმნის ეს საფრთხეს ჩინური ავტომობილების შესახებ დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის არსებობას?