საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა - როგორ შეიცვალა სავაჭრო ბაზრები და ფასები
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ღირებულების კუთხით 23%-ით შემცირდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტირებულია 925.899 მლნ დოლარის ღირებულების 57 606 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, გასული წლის იმავე პერიოდში კი 1.203 მლრდ დოლარის ღირებულების 68 020 მანქანა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების ავტომობილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა, მას კი გერმანია და იაპონია მოსდევდა. მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულს გაერთიანებული სამეფო და ჩინეთი ხურავენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ მთავარი სავაჭრო პარტნიორების სამეული უცვლელია. კერძოდ, გასულ წელსაც სიაში ლიდერი პოზიციები აშშ-ს, გერმანიასა და იაპონიას ეკავა. თუმცა, შარშან იანვარ-აპრილში ავტომობილებით ვაჭრობის კუთხით გაერთიანებული სამეფო მე-6, ხოლო ჩინეთი მე-8 ადგილზე იყო.
ავტომობილების იმპორტი გაიაფდა - როგორია 1 ავტომობილის საშუალო ფასი?
თუ 2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებსაც გადავხედავთ, წლიურად ამერიკიდან, გერმანიიდან და იაპონიიდან ავტომობილების იმპორტი შემცირებულია, თუმცა გაზრდილია გაერთიანებული სამეფოდან და ჩინეთიდან.
10 ქვეყანა, საიდანაც 2026 წლის იანვარ-აპრილში ყველაზე მეტი ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა:
- აშშ - 516.5 მლნ დოლარის 43 882 ერთეული (11 770 დოლარი);
- გერმანია - 122.5 მლნ დოლარის 1 444 ერთეული (84 872 დოლარი);
- იაპონია - 118.9 მლნ დოლარის 5 493 ერთეული (21 654 დოლარი);
- გაერთიანებული სამეფო - 29.963 მლნ დოლარის 258 ერთეული (115 748 დოლარი);
- ჩინეთი - 24.907 მლნ დოლარის 2 690 ერთეული (9 259 დოლარი).
რაც შეეხება ფასებს, ერთი მსუბუქი ავტომობილის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე წლიურად 9.1%-ით შემცირდა. ასე მაგალითად, თუ 2026 წლის იანვარ-აპრილში ერთი ავტომობილის შემოყვანა საშუალოდ 16 073 დოლარი ჯდებოდა, გასული წლის იმავე პერიოდში საშუალო ფასი 17 687 დოლარს შეადგენდა.