მართვის მოწმობის აღება მარტივდება, გორსა და ბათუმში იცვლება საგამოცდო მარშრუტები
საქართველოში მართვის მოწმობის მიღების წესები მსუბუქდება. ბრძანებას, რომლის თანახმადაც საგამოცდო ბარიერი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზე კანდიდატების სასარგებლოდ იცვლება, ხელი უკვე მოეწერა.
ცვლილებების ძირითადი აქცენტები და სიახლეები საგამოცდო ეტაპების მიხედვით ასე გამოიყურება:
დღეიდან თეორიულ გამოცდაზე 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვება იქნება შესაძლებელი
B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის (მსუბუქი ავტომობილები და მსგავსი ტრანსპორტი) მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე საგამოცდო ბარიერი დაბლა იწევს.
თუკი აქამდე მოქმედი წესით კანდიდატს 30-კითხვიან ტესტში მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდა (გამსვლელი ქულა 27 იყო), 15 ივნისიდან დასაშვები შეცდომების რაოდენობა 5-მდე იზრდება. შესაბამისად, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მინიმუმ 25 სწორი პასუხის დაფიქსირება იქნება საკმარისი. საგამოცდო დრო კვლავინდებურად 30 წუთით განისაზღვრება.
ასევე დღეიდან, იცვლება ქალაქის გამოცდის რიგების მართვის პრინციპიც
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში ადგილების უფრო სამართლიანად გადანაწილების მიზნით, მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი ხდება შეიმუშაოს სპეციალური ალგორითმი.
სისტემა გააანალიზებს კანდიდატთა მონაცემებს და დაჯავშნისას პრიორიტეტს მიანიჭებს მათ, ვინც გამოცდაზე პირველად გადის, აქამდე ნაკლები გასვლა აქვს დაფიქსირებული ან რიგში ჩაწერას დიდი ხნის განმავლობაში ელოდება.
2026 წლის 15 ივნისიდან ქალაქის პრაქტიკულ გამოცდაზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი იზრდება
მნიშვნელოვანი შეღავათი წესდება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზეც (მოძრაობა რეალურ პირობებში/ქალაქში).
აქამდე არსებული წესით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრილად ითვლებოდა 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ახალი ბრძანებით კი ეს ლიმიტი 15-მდე იზრდება. შესაბამისად, უარყოფითი შეფასება კანდიდატს მხოლოდ 15 ან მეტი მსუბუქი შეცდომის დაგროვების შემთხვევაში დაეწერება.
2026 წლის 15 ივნისიდან კანდიდატებს გამოცდაზე მცირე ხარვეზების გამოსწორების შანსი მიეცემათ
ახალი წესის თანახმად, მცირდება ტექნიკური ან ნერვიულობის ნიადაგზე დაშვებული შეცდომების გამო გამოცდის ნაადრევად შეწყვეტის რისკი.
თუ კანდიდატი ავტომობილის დაძვრამდე ან მოძრაობის დასაწყებად მომზადებისას რაიმე უსაფრთხოების წესს არასწორად შეასრულებს (მაგალითად, ღვედის შეკვრა, სარკეების გასწორება ან სატრანსპორტო საშუალების მზადყოფნის შემოწმება), გამომცდელი მას შეცდომას მაშინვე არ ჩაუწერს. ბრძანების მიხედვით, გამომცდელი ვალდებულია მისცეს კანდიდატს სიტყვიერი მინიშნება (მაგალითად: „გთხოვთ, კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“) და მისცეს გონივრული დრო ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. შეცდომა ოფიციალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქსირდება, თუ კანდიდატი მითითების შემდეგაც ვერ შეძლებს წესის სათანადოდ შესრულებას.
დამატებით, მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გორსა და ბათუმში, იცვლება მარშრუტებიც. მარშრუტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://shorturl.at/hLGmB