მერსედესი, მერსედეს ჯი კლასი, ჯი კლასი, გელენდვაგენი
Aa
Aa

დილერებმა Mercedes-ი დაარწმუნეს: პატარა ზომის G-Class-ში ბენზინის ძრავა მოთავსდება

2025 წელი Mercedes-ის საკულტო G-Class-ისთვის ისტორიული აღმოჩნდა – 50 000-მდე გაყიდული ერთეულით G-Class-მა 70-იანების დებიუტის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა. გერმანული ავტომწარმოებელიც მზადაა Geländewagen-ის კომერციული წარმატებით ისარგებლოს და ახლა უკვე ფსონს პატარა ზომის G-Class-ზე ჩამოდის.

ახალი მოდელის გამოშვება Mercedes-მა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დააანონსა. ახლახან კი ფოტოგრაფებმა ნიურბურგრინგის მახლობლად შენიღბული პროტოტიპიც შენიშნეს, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ველოდით – ორიგინალი G-Class-ის 75%-იანი მასშტაბის ასლი.

მთავარი სიახლე კი კაპოტქვეშ იმალება. თავდაპირველი ჩანაფიქრით, Mercedes-ის ახალი SUV ელექტრომობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა გერმანელებმა „ბოლო წამს“ გეგმები შეცვალეს. ამაში კი დიდი წვლილი დილერებს მიუძღვით. შედეგად, პატარა ზომის G-Class-ი შიგაწვის ძრავით გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ:ისტორიაში საუკეთესო ყველგანმავალი ავტომობილები

კერძოდ, ელექტრომობილთან დაკავშირებული გეგმები რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო შეიცვალა. მათ შორის გადამწყვეტი აშშ-ში დილერების უკუკავშირი აღმოჩნდა, რომლებმაც მოდელზე წინასწარი მიმოხილვის მიღებისთანავე იკითხეს, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა შიგაწვის ძრავის მქონე ვერსიის შეთავაზებაც. საბოლოოდ კი Mercedes-ი დაარწმუნეს კიდეც, რომ ხაზში ბენზინის ძრავები დაემატებინათ.

Automotive News-თან საუბრისას Mercedes-AMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ შიბემ, დაადასტურა, რომ აშშ-ის დილერების უკუკავშირი შიგაწვისძრავიანი ვერსიის შემუშავებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა:

„ამერიკელი დილერებისგან ჩვენ მკაფიო უკუკავშირი მივიღეთ, რომელსაც მათგან ჩვენც დროდადრო ვითხოვდით – მათ შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ვერსია სჭირდებათ. ჩვენც ვუპასუხეთ: კარგი, მოდი დავამატოთ ბენზინის ძრავა. მას საკმარისი სიმძლავრეც სჭირდება და ეს აუცილებლად მოხდება“.

თუმცა დილერების მოთხოვნის გარდა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზიც არსებობდა. მაგალითად, ის ფაქტი, რომ Mercedes-მა გააცნობიერა: მსოფლიოს ნაწილში ელექტრომობილების დასამუხტი ინფრასტრუქტურა საჭირო დონეზე განვითარებული კვლავ არაა. ამავდროულად კი ბენზინის ძრავა მძღოლებს „შეზღუდული გარბენის“ შიშსაც უხსნის – ეს ფაქტორი მყიდველებს ხშირად აფერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები