„გამოვა, რომ თეორიას უფრო ბევრი ადამიანი ჩააბარებს, პრაქტიკაზე კი უფრო დიდი რიგი დადგება" | მევლუდ მელაძე
„გამოვა, რომ თეორიას უფრო ბევრი ადამიანი ჩააბარებს და უფრო დიდი რიგი დადგება - მთავარი მიდგომის შეცვლაა“, - ასე აფასებს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მართვის მოწმობის გამოცდაზე, კანდიდატს უფრო მეტი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა მიეცა. როგორც მევლუდ მელაძე განმარტავს, საგამოცდო სისტემაში მთავარი „დაუწერელი წესების“ მიდგომის შეცვალა და ინსტრუქტორების მიერ კანდიდატების რეალური შეფასებაა.
კერძოდ, დარგის ექსპერტი "ბიზნესპრესნიუსთან" ამბობს, რომ გამომცდელმა კანდიდატის უნარები უსაფრთხოებასთან შესაბამისობით უნდა შეაფასოს და არა ზებრა გადასასვლელთან მდგომი ქვეითის ფაქტორით, რომელიც შესაძლოა, სულაც არსად მიდიოდა. მისივე თქმით, როდესაც კანდიდატი გამოცდაზე მიდის, მას იქ მეგობარი უნდა ეგულებოდეს ინსტრუქტორის სახით და არა მტერი.
„მე ვფიქრობ, უკვე ისეთი მაღალი ტემპერატურა იყო, უბრალოდ, რაღაცა უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ აქ ამბავი ის არის, რომ მიდგომა შეიცვალოს, თორემ რა მნიშვნელობა აქვს შეცდომის დამთვლელი სამით მეტ უმნიშვნელო შეცდომას დაგითვლის თუ ნაკლებს.
თეორიულ ნაწილში, მე აბსოლუტურად პირიქით ვფიქრობ. ვგულისხმობ, 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის პატიებას. ჯერ ერთი, რომ თეორიულ ნაწილში ბევრია, და, მეორე, გამოვა, რომ თეორიას უფრო ბევრი ადამიანი ჩააბარებს და შესაბამისად უფრო დიდი რიგი დადგება ამ პრაქტიკულ ნაწილში. რაც ისედაც პრობლემური იყო.
არსებობს დაწერილი წესები, რაც ყველამ იცოდა და იმას იქით გადაანაცვლებ თუ აქეთ, არსებითად არაფერს შეცვლის. შეცვლის იმ დაუწერელი წესების ცვლილება, რომლის გამოც გთვლიან დამნაშავედ. თუ საზოგადოების რეაქციამ შედეგი გამოიღო და აქ შეიცვლება მიდგომა, მაშინ არ არის ცუდი, მაგრამ თუ იქ არაფერი შეიცვლება, მაშინ პირიქით, ეს უბრალოდ იყო ხანძრის ჩასაქრობად და მეტი არაფერი“,- ამბობს მევლუდ მელაძე.
კითხვაზე, პრაქტიკულ გამოცდაზე რომელ შეცდომებს თვლის „დაუწერელ წესებად“, სადაც რეალურად მიდგომებია შესაცვლელი, მევლუდ მელაძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს:
„ასეთი ბევრია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეითთან ურთიერთობა. ჩაჭრა სწორედ ამ ნაწილში ხდება ყველაზე უფრო მასიურად. უამრავი შემთხვევით გადაღებული ვიდეოა, სადა ჩანს, რომ ამ კონკრეტული მოქმედებების დროს აჩერებენ და ჭრიან კანდიდატს.
აქ მთელი ამბავი ის არის, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს მძღოლმა, დათმობა-არდათმობის პერსპექტივა. ხშირად არის, რომ მაგალითად, ვიღაც დგას გზის ნაპირზე, საერთოდ არ აპირებს ის გადასვლას, ამ დროს, გააჩერებ - პრობლემაა, იმიტომ რომ გააჩერე იქ, სადაც არ გადადიოდა. არ გააჩერებ - პრობლემაა, რადგან არ დაუთმე ქვეითს.
გამოდის - არ გააჩერებ, რატომ არ გააჩერე, თუ გააჩერებ, რატომ გააჩერე. რეალურად უსაფრთხოება უნდა განსაზღვრო, რომელი მოქმედება იქნება უფრო სწორი. მითუმეტეს იქ, სადაც ზებრა გადასასვლელები საერთოდ არ არის. თუ უსაფრთხო იყო ის მანევრი, რაც გააკეთე, მაშინ ეს არ არის დანაშაული და ამ შემთხვევაში სწორედ ინსტრუქტორმა უნდა განსაზღვროს, შენი მოქმედება რამდენად შეესაბამებოდა კონკრეტულ რეალობას, რამდენად ადეკვატური იყო და არა ის, რომ იქ ადამიანი დავინახე, ან ვიღაცამ იქ გაიწია და რაღაც აუხსნელი მიზეზები, რომელიც გინდა რომ ოღონდ უპოვო და ჩაჭრა.
მითუმეტეს, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში ქვეითების ამბების დარეგულირება ურთულესია. ბევრგან არ არის გადასასვლელი იქ, სადაც უნდა იყოს, ამ დროს ქვეითები თვითნებურად გადადიან და გადმოდიან. ანუ რეგულაციები უბრალოდ ფურცელზე დაწერილია ხოლმე.
ძალიან იშვიათად თუ უნახავს ვინმეს, არასწორად გადასული ქვეითი დაეჯარიმებინოთ. ანუ, რეალურ ცხოვრებაში ქვეითების და მძღოლების თანაცხოვრება და გამოცდაზე ქვეითების და მძღოლის თანაცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავდება და ვერ პოულობ იმ ოქროს შუალედს, როგორ უნდა იმოქმედო იმ კონკრეტულ მომენტში, რომ გამოცდაზე არ ჩაიჭრა. არადა, გინდა არ გინდა, ასეთი ადგილების გავლა გიწევს ნუ არაერთის გამოცდის შემთხვევაში.
ამიტომაც ვამბობ, რომ აქ მთავარი ინსტრუქტირების მიერ კანდიდატის უნარების სწორად შეფასებაა, შეუძლია თუ არა კანდიდატს უსაფრთხოდ გადაადგილება. მე რომ გამოცდაზე მივდივარ, იქ უნდა მეგულებოდეს მეგობარი და არა მტერი“, - ამბობს მევლუდ მელაძე.
ცნობისთვის, შს მინისტრის ბრძანებით, მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, B და B1 კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 30-კითხვიან ტესტში მაქსიმუმ 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი 30 წუთში მინიმუმ 25 სწორ პასუხს გასცემს. მანამდე, სავალდებულო 27 სწორი პასუხი იყო.
იხილეთ: მართვის მოწმობის აღება მარტივდება, გორსა და ბათუმში იცვლება საგამოცდო მარშრუტები
ამასთან, იცვლება პრაქტიკული გამოცდის შეფასების წესიც. ახალი რეგულაციით, თუ კანდიდატი გარკვეულ მოთხოვნას პირველად არასათანადოდ შეასრულებს, გამომცდელს შეეძლება მას დამატებითი შესაძლებლობა მისცეს შეცდომის გამოსასწორებლად.
გარდა ამისა, პრაქტიკულ გამოცდაზე მსუბუქი შეცდომების დასაშვები ზღვარი იზრდება. თუ მანამდე კანდიდატს გამოცდაზე მხოლოდ 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდა, ახლა 15 ივნისიდან შევა.