საქართველო, რიკოთის გზატკეცილი, გზების რეაბილიტაცია, ავტომაგისტრალი, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის  გზის მონაკვეთი
Aa
Aa

გახდება თუ არა ავტომაგისტრალები ფასიანი? | საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს

დღეს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“ (TCRC) გამოაქვეყნა ანალიტიკური მასალა, რომელშიც გამოთქმული იყო ვარაუდი იმის შესახებ განიხილება თუ არა რიკოთის მაგისტრალის ფასიანად გადაქცევა. TCRC-ის მიერ წარმოდგენილი ვარაუდი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას ეფუძნებოდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ: 

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ავტომაგისტრალების ფასიანად გადაქცევა არ განიხილება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაძლო ფასიან გზად გადაკეთებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით. 

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დაჩქარება დაკავშირებულია მხოლოდ პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობასთან. აღნიშული გზის მნიშვნელობა განპირობებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებით, ისე ქვეყნის საგზაო ქსელის მდგრადობითა და უსაფრთხოებით. შესაბამისად, საუბარი ალტერნატიულ ფუნქციაზე არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც ფასიანი გზების შემოღების წინაპირობა. 

ამასთან, მივიჩნევთ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებულ სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან თემას ეხება, თუმცა არასწორია. საერთაშორისო პრაქტიკაში გზების დაფინანსებისა და მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს და მსგავსი საკითხები საჭიროებს კომპლექსურ ანალიზს, ფართო პროფესიულ განხილვასა და საზოგადოების წინასწარ ინფორმირებას. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით სარგებლობა უფასოა და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება დღის წესრიგში არ დგას. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და არსებული ქსელის გაუმჯობესებას მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთის შექმნის გარეშე. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებისას, ინფორმაციის სრულყოფილად და დაბალანსებულად მიწოდების მიზნით, შესაბამისი უწყების ოფიციალური პოზიციაც გადაამოწმონ და საზოგადოებას სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ“ — ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში. 

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები