Explorer ST Sinister — ფორდმა საოჯახო ქროსოვერი ნამდვილ მონსტრად აქცია
Ford-მა ცოტა ხნის წინ 2027 წლის Ford Explorer ST Sinister Package წარადგინა — ეს ამერიკული ბრენდის მცდელობაა, ტრადიციული საოჯახო ქროსოვერი ბევრად უფრო აგრესიულ, ბნელ და „ბოროტ“ SUV-დ გარდაქმნას.
მოდელი ამტკიცებს, რომ მომხმარებელს მინივენის პრაქტიკულობასთან ერთად, ხასიათი, ვიზუალური აგრესია და სისწრაფეც სჭირდება. Sinister Package-ის მთავარი ხიბლი მისი ვიზუალია, რომელიც პირდაპირ იმეორებს ავტოენთუზიასტების მიერ ავტოფარეხებში საკუთარი ხელებით შექმნილ „Blackout“ მოდიფიკაციებს.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
ავტომობილი აღჭურვილია 21-დუიმიანი პრიალა შავი ალუმინის დისკებით, სრულიად შავი ემბლემებითა და სპეციალური ST Sinister ბეიჯებით. პაკეტის ყველაზე გამორჩეული დეტალი ნარინჯისფერი/ქარვისფერი დღის LED განათებებია. ეს ელემენტი ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა პიკაპებისა და SUV-ების ტუნინგ-სცენაზე, ფორდმა კი ის კლიენტებს პირდაპირ კონვეიერიდან შესთავაზა.

ტექნიკურ ნაწილში ფორდმა საავტომობილო საზოგადოება მცირე საგონებელში ჩააგდო. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ 3.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V6 ძრავი 385 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ეს ციფრი იმიტომაა უცნაური, რომ Explorer ST ქარხნულად 400 ცხ.ძ-სა და 563 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. თუმცა, საინჟინრო გუნდი განმარტავს, რომ ძველი, უფრო მაღალი მაჩვენებლები პრემიუმ საწვავზე იყო გათვლილი, ახალი 385 ცხენის ძალა კი სტანდარტულ, რეგულარის ტიპის ბენზინზეა ოპტიმიზებული, რაც რეალურ ცხოვრებაში უფრო პრაქტიკული და ეკონომიურია მფლობელისთვის.

Ford-ი მხოლოდ ვიზუალური კომპლექტაციით არ შემოფარგლულა. კომპანიამ დააანონსა სპეციალური პროგრამა Explorer ST Experience, რომელიც მიმდინარე 2026 წლის შემოდგომიდან დაიწყება. 2026 და 2027 წლის Explorer ST-ის ყველა ახალ მფლობელს საჩუქრად გადაეცემა ერთდღიანი პრაქტიკული კურსი პროფესიონალ ინსტრუქტორებთან ერთად.
სკოლა იმოგზაურებს აშშ-ის სხვადასხვა სარბოლო ტრეკზე და მძღოლებს ასწავლის, თუ როგორ გამოიყენონ ამ მძიმე, მაღალი SUV-ის სიმძლავრე და სისწრაფე უსაფრთხოდ, ისე, რომ „პროდუქტებზე გასეირნება პოლიციის განყოფილებაში არ დასრულდეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ Explorer-ის გაყიდვების თითქმის 22% სწორედ ST ვერსიაზე მოდის, რაც ამგვარი სპორტული ქროსოვერების უზარმაზარ პოპულარობაზე მეტყველებს.