საქართველოს მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება
ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება.
ამის შესახებ მან "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, სადაც სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე საუბრობდა.
„ვმუშაობთ, ჩვენს მაგისტრალებსა და გზებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომელიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გზებისთვის ერთ-ერთი პრობლემა არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას... ჩვენი ინიციატივები არაა ერთჯერადი. ესაა კომპლექსური მიდგომის ერთი ნაწილი. გეგმაზომიერად მივუყვებით რეფორმების კურსს“, — განაცხადა მინისტრმა.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნაზეც.
„სახელმწიფო ვერ მოუვლის 6000 კილომეტრს — ჩვენ აქეთკენ არ მივდივართ, მაგრამ მაგისტრალის ცენტრალურ ხერხემალზე სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი. ...[გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნით] საუბარი კერძო ბიზნესის ჩანაცვლებაზე, არარელევანტურია, თუმცა ერთია ამ [სახელმწიფო კომპანიის] შექმნა, მაგრამ ჩვენ რეფორმა თავიდან ბოლომდე გვაქვს გააზრებული და კერძო კომპანიები სადაც დარჩებიან გზების მოვლა-შენახვაში, იქაც შევცვლით სისტემას და კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით მოხდება ანაზღაურება", — განაცხადა მან.
წყარო: BM.GE