GM-ი Lockheed Martin-თან ერთად სამხედრო შეიარაღებას შექმნის
პენტაგონი ბოლო დროს აქტიურად მოუწოდებს ავტომწარმოებლებს, უფრო დიდი როლი ითამაშონ სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაში. General Motors-ი ამ მოწოდებას მყისვე გამოეხმაურა და კომპანია Lockheed Martin-თან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დააანონსა. ეს პარტნიორობა აშშ-ის თავდაცვის უწყების უშუალო ხელშეწყობით შედგა და მისი მიზანი ამერიკის საწარმოო და თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებაა.
შეთანხმების მიხედვით, GM Defense-ი და Lockheed Martin-ი ერთობლივად შეისწავლიან გზებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღებისა და თავდაცვითი სისტემების მიწოდების დასაჩქარებლად. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით ბუნდოვანია, პარტნიორობა მიზნად ისახავს Lockheed-ის სამხედრო გამოცდილებისა და GM-ის საინჟინრო და საწარმოო პოტენციალის გაერთიანებას.

GM-ის განცხადებით, საწყისი ეტაპი დაეთმობა „წარმოებისთვის მზადყოფნის დაჩქარებას და კომერციული საწარმოო მიდგომების დანერგვას სამხედრო შეკვეთების შესასრულებლად“. ავტომწარმოებელმა დაამატა, რომ კოლაბორაციას სამი მთავარი ამოცანა აქვს: თავდაცვის მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება, საწარმოო და საპროექტო შესაძლებლობების განვითარება და საწარმოო სიმძლავრეების გაფართოება კომერციული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
აქცენტი ამჯერად აშკარად მასშტაბურ წარმოებაზე კეთდება, რაც Lockheed Martin-ის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა, ფრენკ სენტ ჯონმაც დაადასტურა: „ამერიკის უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიების შექმნაზე, არამედ ჩვენს უნარზე, ვაწარმოოთ ისინი სწრაფად, საიმედოდ და დიდი მასშტაბით“. GM-მაც იგივე სულისკვეთება გააჟღერა და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა პასუხობს თავდაცვის სექტორში გაზრდილ მოთხოვნას საწარმოო სიმძლავრეებზე, მიწოდების ჯაჭვის მდგრადობასა და წარმოების მოქნილობაზე.

როგორც ცნობილია, აშშ-ის სამხედრო არსენალი საგრძნობლად გამოიფიტა ბოლო წლების მთელი რიგი კონფლიქტების, მათ შორის უკრაინასა და ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ Lockheed-ი ძირითადად სამხედრო ავიაციითაა განთქმული, კომპანია ასევე აწარმოებს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, რომლებიც ამ კონფლიქტებში ინტენსიურად გამოიყენება.
ჯერ კიდევ ბოლომდე ნათელი არ არის, თუ რა კონკრეტულ ფორმას მიიღებს ეს პარტნიორობა, თუმცა GM Defense-ის პრეზიდენტმა, სტივ დიუმონმა აღნიშნა, რომ ორივე კომპანია უახლოეს კვირებში გამოაჩენს პირველად პროექტებს, რომლებზეც ერთობლივად იმუშავებენ“.