ქარხანა, ძრავები, უკან გაწვევა, ფორდი, ავტოწარმოება
Aa
Aa

Ford-ი დღეში ერთ ძრავას „ანადგურებს“ და ფიქრობს, რომ ეს მიდგომა მუშაობს

ამერიკული ავტომწარმოებლის, Ford-ის განცხადებით, ქარხნებში ახლად აწყობილი ძრავების დაშლისა და დემონტაჟის ახალი პროცესი ავტომობილების უკან გაწვევის შემცირებისთვის ეფექტიანი გზაა და შედეგები უკვე სახეზე აქვთ. Ford-ის მსგავსი ავტომწარმოებლისთვის კი, რომელიც უკვე წლებია, უკან გაწვევის „რაუნდებს ვერ აუდის“, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

ასევე იხილეთ: რა არის „რიქოლი“ და რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა?

აქამდე Ford-ს დაახლოებით სამ თვეში ერთხელ უხდებოდა საწარმოო ხაზიდან ძრავის ამოღება და შემდეგ მისი დაშლა, რათა ნებისმიერი, თუნდაც ბევრისთვის „უმნიშვნელო“ დეფექტი შეეფასებინა. ახლა, ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების გლობალური კამპანიის ფარგლებში, საწარმოო ხაზიდან ყოველდღიურად იხსნება თითო ძრავა, რომელიც შემდგომ იშლება და დეტალურად მოწმდება. ამ მიდგომას მსოფლიო მასშტაბით Ford-ის ყველა ძრავის ქარხანა იყენებს.

Road & Track-თან საუბრისას ქარხნის მენეჯერმა, ნილ ვილსონმა განაცხადა, რომ Ford-მა ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ აწყობილი ძრავების ხარისხით პირველ ადგილზე ვალენსიის ქარხანა იყო. სწორედ აქ ქარხნის მუშები ძრავას ყოველდღე შლიდნენ, რის გამოც Ford-მა ჩათვალა, რომ სხვა ობიექტებზეც იმავე პრაქტიკის დანერგვა გაამართლებდა.

ვილსონის განმარტებით, Ford-ი ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს და მისი დახმარებით იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ძრავა უნდა მოხსნას საწარმოო ხაზიდან. შედეგად, AI ავლენს ძრავებს, რომელთა კომპონენტების მკაცრ სტანდარტებთან შეუსაბამობის შანსიც მაღალია. პოტენციურად საეჭვო ძრავის აღმოჩენისას AI-ხელსაწყო ყვითელ ან წითელ დროშას აანთებს და ამით შესაძლო დეფექტზე მიუთითებს.

„ჩვენ ასევე ვიყენებთ ტექნოლოგიას — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მონიტორინგის სისტემას, რომელიც საწარმოო ხაზის კონკრეტულ საზომ წერტილებსა და საკვანძო მახასიათებლებს აკვირდება“, — განაცხადა ვილსონმა და დაამატა: „მსგავსი მიდგომით, წინასწარ განვსაზღვრავთ პოტენციური გაუმართაობის წამყვან ინდიკატორებს, ხოლო AI-სისტემები სტანდარტული პროცესის კონტროლის დროს გამოვლენილ დარღვევებს აკვირდებიან“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვალენსიის მიდგომის სხვა ქალაქების ობიექტებში დანერგვის შემდეგ კონკრეტული შედეგები უკვე სახეზეა — მაგალითად, უკვე შეინიშნება საგარანტიო მოთხოვნების მაჩვენებლების კლება. Ford-ის განმარტებით, არსებული უკან გაწვევების რაუნდის დიდი ნაწილი ძველ მოდელებზე მოდის, ხარისხის კონტროლის პროცესის გაუმჯობესებას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. ხოლო ამის შემდგომ, Ford-ის უკან გაწვევათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

მსგავსი სიახლეები