პორშე 911, სარბოლო მანქანა, პორშე, პორშე 911 ჯითი4
Aa
Aa

Porsche-მ ახალი სარბოლო ავტომობილი, 911 GT4 R წარადგინა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა სრულიად ახალი სარბოლო მოდელი, Porsche 911 GT4 R წარადგინა, რომლის ღირებულებაც, არ გაგიკვირდებათ, და არც მეტი, არც ნაკლები, $375 000-ია. Porsche-ს უახლესი სუპერქარი 6-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 512 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გერმანული მონსტრი ტრასაზე მომავალი წლიდან გამოჩნდება.

ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

2016 წლიდან მოყოლებული, GT4-ის რბოლებში გერმანული ავტომწარმოებელი Cayman-ის მოდელით ასპარეზობდა. 2027 წლიდან კი ეს მოცემულობა შეიცვლება — ისტორიაში პირველად, კომპანია GT4-ის კატეგორიის ახალ სარბოლო მოდელს ამზადებს, რომელიც, რა გასაკვირია, ლეგენდარული 911-ის ბაზაზე შეიქმნება.

ცნობისთვის, GT4-ის კატეგორიაში გამოჩენიდან, გასული ათწლეულის განმავლობაში, Porsche-მ Cayman-ის ბაზაზე 1 500-ზე მეტი სარბოლო მანქანა შექმნა.

თუმცა, როგორც Porsche Motorsport North America-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფოლკერ ჰოლცმეიერი აღნიშნავს, „GT4 კლასისთვის 911-ის პლატფორმის გამოყენება მრბოლელებს Porsche-ს მონო-თასებიდან GT4-ში გადასვლას გაუმარტივებს. საერთო პლატფორმით კი, რომელიც 911 Cup-ს Porsche-ს შიდა ჩემპიონატებთან და ჩრდილოეთ ამერიკის ღია სარბოლო სერიებთან აკავშირებს, გუნდები და ავტომრბოლელები დიდ სარგებელს მიიღებენ“.

ტექნიკური მახასიათებლები და ძირითადი განსხვავებები:

გერმანელებმა ახალ მოდელს 911 GT4 R უწოდეს, მასში კი 911 Cup-ის ძრავი ჩადგეს. ეს უკანასკნელი 4-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ოპოზიტური აგრეგატია, რომელიც 512 ცხენის ძალასა და 490 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. მოდელი 6-სიჩქარიანი თანმიმდევრული გადაცემათა კოლოფითა და საჭისქვეშა გადამრთველებით აღჭურვეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ GT4 R-ს Porsche-ს საინჟინრო გუნდი 911 Cup-ის „ტექნიკურ ბაზაზე“ აშენებს, მათ შორის რამდენიმე ძირითადი განსხვავება მაინც იქნება.

მაგალითად, ის ფაქტი, რომ GT4 R-ის დისკები ერთი დუიმით უფრო ვიწროა და Cup-ის ცენტრალური საკეტის ნაცვლად ხუთჭანჭიკიანი სამაგრი სისტემა აქვს. აღსანიშნავია აეროდინამიკა და დაკიდების სისტემაში ცვლილებებიც — თუნდაც ის ფაქტი, რომ სპოილერს რეგულირების 11 პოზიცია აქვს. სარბოლო მოდელში ზამბარის სიხისტის კოეფიციენტის სამ რეჟიმსა და ორმაგად რეგულირებად ამორტიზატორებსაც შევხვდებით. უნდა ვახსენოთ ინტერიერიც, რადგან GT4 R-ის სალონში 10.3-ინჩიანი ფერადი დისპლეი, მონაცემთა ინტეგრირებული ჩამწერი და GPS-ია.

ასევე დაგაინტერესებთ: Porsche-ს ახალი აღმასრულებელი 911-ზე უკეთესი ჰიპერქარის შექმნას გეგმავს

რაც შეეხება ფასს: ახალი Porsche 911 GT4 R-ის ღირებულება $375 000 იქნება (თუმცა ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტისა და მიწოდების ხარჯების ჩათვლით). IMSA Michelin Pilot Challenge-სა და SRO Pirelli GT4 America-ს ჩემპიონატებში კი გერმანელების სარბოლო მოდელი უკვე მომავალი წლიდან ჩაებმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები