ეს საბჭოთა Lada ოდესღაც ავსტრიის რალის ჩემპიონატში ასპარეზობდა
რალის კლასიკურ ავტომობილებზე წესით ყველას ისეთი ავტომწარმოებლები გვახსენდება, როგორებიც Ford-ი და Lancia არიან. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ეს მარკებიც კი „თავში არ მოგვდის“, წესით, მაინც იშვიათად, რომ რალიზე ფიქრისას ვინმეს გონებაში Lada ამოგვიტივტივდეს. მაგრამ რეალურად, არსებობს სულ მცირე ერთი საბჭოთა ავტომობილი, კერძოდ კი, ეს Lada 2105 VFTS, რომელიც ახლა საკმაოდ მაღალი ღირებულებით გასაყიდადაა გამოტანილი.

ასევე დაგაინტერესებთ: 8 იდუმალი საბჭოთა სუპერქარი, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ!
1981 წელს AvtoVAZ-ის ქარხანაში აწყობილი სედანი თავდაპირველად სტანდარტულ საგზაო ავტომობილად შეიქმნა. უკვე მოგვიანებით, 1985 წელს, ის Group B-ის სპეციფიკაციის სრულფასოვან რალის მანქანად გადააკეთეს. პრაქტიკულად, სწორედ აქ დაიწყო მისი მეორე სიცოცხლე და ისტორიაც. პროექტს რალის პილოტი რუდი შტოლი ხელმძღვანელობდა, ხოლო ეს კონკრეტული ავტომობილი 1985-1989 წლებში უწყვეტად მონაწილეობდა ავსტრიის რალის ჩემპიონატში. სხვადასხვა დროს მის საჭესთან ისეთი გამოცდილი მრბოლელებიც კი გვინახავს, როგორებიც არიან რუდი სტრობლი, რაინერ ვალენჩკო და ენგელბერტ ჰელმი.

სარბოლო კარიერის დასრულების შემდეგ, ავტომობილმა კერძო ფარეხში, ავსტრიაში, გადაინაცვლა. ამჟამინდელმა მფლობელმა ის 2018 წელს შეიძინა და რალის ინჟინრების დახმარებით აღადგინა. 2020 წელს Lada-მ FIA-ს ისტორიული ტექნიკური პასპორტი (HTP) მიიღო და არსებული მდგომარეობით B222-ის ჰომოლოგაციის სტანდარტებსაც აკმაყოფილებს.
ვიზუალურად VFTS სტანდარტული Lada-სგან მკვეთრად განსხვავდება, რაც მარტივად შესამჩნევიცაა — მასიური წინა სპოილერი, უკანა ducktail-ის სტილის სპოილერი, დამატებითი მაშუქები და წონის შესამცირებლად პლასტმასის მინები მას სტანდარტული ვერსიისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს. ხოლო მის თეთრ ძარას ალუმინის დისკებიც ემატება, რაც ამ მანქანას ერთიანად კრავს. ინტერიერი, დანიშნულებისამებრ, სრულად სარბოლო მოთხოვნებსაა მორგებული. სალონში მხოლოდ ორი ფიქსირებული სპორტული სავარძელი დაგხვდებათ, უსაფრთხოების კარკასი და საჭირო მაჩვენებლები და გადამრთველები.

ძრავის განყოფილებაში ატმოსფერული 1.6-ლიტრიანი აგრეგატი ჩადგეს, რომელიც Weber-ის ორ კარბურატორსა და მაღალი გამტარუნარიანობის შემშვებ კოლექტორს იყენებს. შედეგად, სიმძლავრე ქარხნული 75 ცხენის ძალიდან 128 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. დაახლოებით 920-კილოგრამიანი ავტომობილისთვის კი ეს საკმაოდ კარგი შედეგია. ძრავა 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება და Torsen-ის შეზღუდული მოცურების დიფერენციალთან არის დაწყვილებული.
ამჟამად უნიკალური Lada გერმანიაში იმყოფება და eBay-ს საშუალებით გასაყიდადაა გამოტანილი. მფლობელი მოდელს 63 000 ევროდ, შესაბამისად, დაახლოებით 72 ათას აშშ დოლარად აფასებს. მართლაც მაღალი ღირებულებაა, განსაკუთრებით მისი საბჭოური წარსულის გათვალისწინებით, თუმცა მისი წარსულის გამო, შესაძლოა, მსურველი გამოჩნდეს კიდეც.

მართალია, Lada რალის ისტორიაში ისეთივე ცნობილი არაა, როგორც Lancia ან Ford-ი, თუმცა 2105 VFTS-ს თავისი ადგილი მაინც აქვს. ეს მოდელი VAZ-2101-ის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომლის ფესვებიც 1960-იანი წლების Fiat 124-მდეც კი მიდის. მოგვიანებით, სწორედ Fiat-ის ამ ხაზიდან ლეგენდარული Fiat 131 Abarth Rally შეიქმნა, რომელმაც მსოფლიო რალის ჩემპიონატში არაერთი ტიტული მოიპოვა.