პენტჰაუსი ბორბლებზე — Chevrolet-ის ბაზაზე შექმნილი ყველგანმავალი, რომელიც 1.1 მილიონი ღირს
მეორადი პიკაპების უმრავლესობა ფასს ავტოსალონის დატოვებისთანავე კარგავს, თუმცა ეს კონკრეტული ეგზემპლარი ამჟამად 1.1 მილიონ დოლარადაა შეფასებული. შედარებისთვის, ამ თანხით შეგიძლიათ შეიძინოთ სრულიად ახალი, მძიმე სატვირთოების მთელი ავტოპარკი, ზედ სუპერქარიც მიაყოლოთ და ფული კიდევ დაგრჩეთ. თუმცა, იმ მყიდველებისთვის, რომლებისთვისაც მთავარი კომფორტი და მოგზაურობაა, ეს EarthRoamer XV-SX შესაძლოა სრულიად გონივრულ შემოთავაზებადაც კი ჩანდეს.
ასევე იხილეთ: 10 ყველაზე გამძლე ყველგანმავალი ისტორიაში?
საუბარია 2023 წლის მოდელზე, რომლის ოდომეტრიც სულ რაღაც დაახლოებით 13 200 კილომეტრს აჩვენებს. სანამ სუპერქარების მწარმოებლები ფოკუსირებულნი არიან მაქსიმალურ სიჩქარესა და დინამიკაზე, ამ კლასის სატვირთოების შემქმნელები იგივე პრინციპს უგზოობის დასაპყრობად იყენებენ. EarthRoamer-ის პროდუქცია დიდი ხანია იკავებს ბაზრის იმ უნიკალურ ნიშას, სადაც მდიდრული საცხოვრებელი ფურგონები, საექსპედიციო მანქანები და მძიმე პიკაპები ერთმანეთს ერწყმის.


საინჟინრო პლატფორმა და სახლის კომფორტი
ავტომობილი აგებულია Chevrolet Silverado 6500HD-ის ბაზაზე და შექმნილია მოასფალტებული გზებიდან ძალიან შორს სამოგზაუროდ, თუმცა ისეთივე კომფორტით, როგორიც პრემიუმ კლასის სასტუმროში დაგხვდებოდათ. ინტერიერში გამოყენებულია მუხის პანელები და კომპანიის საფირმო Mount Princeton-ის განლაგება.
სალონში შეხვდებით — ინდუქციურ ქურას, სარეცხი და საშრობი მანქანის კომბინაციას, ჭურჭლის სპეციალურ სათავსოებსა და Keurig-ის ყავის აპარატს. აქვეა ჭერში, პატარა კიბით ასასვლელი განცალკევებული საძინებელი ზონა და სრულფასოვანი სააბაზანოსო ტუალეტითა და საშხაპით.

რა თქმა უნდა, ფუფუნება ამ მანქანის მხოლოდ ერთი მხარეა. EarthRoamer-ის მყიდველებს პირველ რიგში სრული ავტონომია და ველურ პირობებში გადაადგილება აინტერესებთ. ამ მიზნით, XV-SX აღჭურვილია Warn-ის წინა და უკანა ჯალამბარებით, უკანა ბამპერზე დამაგრებული სათავსოების სისტემით, მოძრავი თაროებითა და გარე პროპანის გრილით. უსაფრთხოებისა და ხილვადობისთვის სისტემას დამატებული აქვს FLIR ინფრაწითელი თერმული კამერა, წინა ხედვის კამერა და GOST უსაფრთხოების კომპლექსი, რომელიც ავტომობილს სადგომზე იცავს.

უდავოა, რომ ეს მონსტრი უდიდეს საინჟინრო პოტენციალს ფლობს. თუმცა, ფაქტია, რომ მსგავსი კოსმოსური ფასების ნორმალიზება საავტომობილო ბაზარზე სულ უფრო ხშირი ხდება. გადაიხდის თუ არა ვინმე ამდენს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია...