როგორ იპოვა ოჯახმა ტყეში მანქანა, რომელსაც 40 წელი ეძებდა
თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ერთ ქალბატონს სჯეროდა, რომ მისი ახალგაზრდობის საყვარელი მასლქარი სამუდამოდ გაუჩინარდა. ეს იყო ავტომობილი, რომლითაც ის რბოლებში მონაწილეობდა, უამრავი მოგონება აკავშირებდა, თუმცა მძიმე ფინანსური კრიზისის დროს იძულებული გახდა გაეყიდა. ათწლეულების შემდეგ კი, სრულიად შემთხვევით, მისმა ვაჟმა ტყის სიღრმეში, ხეებსა და ბუჩქებში ჩაფლული ნაცნობი სილუეტი აღმოაჩინა. ეს არ იყო უბრალოდ ძველი მიტოვებული მანქანა — ეს მისი დედის კუთვნილი, ლეგენდარული 1968 წლის Dodge Dart GTS Convertible აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ: რატომ ეშინოდა ჰენრი ფორდს ძმები დოჯების? - დოჯის ისტორია
ყველაფერი 1968 წლის ზამთარში დაიწყო, როდესაც ამერიკელი ცოლ-ქმარი Dodge-ის ავტოსალონში შევიდა. მათ არ სურდათ შოურუმში მდგარი მოდელების ყიდვა, ამიტომ ავტომობილი ინდივიდუალურად, საკუთარი გემოვნებით შეუკვეთეს.
ავტომობილი შეღებილი იყო კაშკაშა ლურჯ ფერში, რომელსაც იდეალურად ეხამებოდა ლურჯი სალონი, შავი დასაკეცი სახურავი და თეთრი „ფუტკრისებრი“ ზოლი უკანა ნაწილში. კაპოტის ქვეშ Chrysler-ის ლეგენდარული 5.6-ლიტრიანი V8 ძრავი განათავსეს, რომელიც 4-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან იყო დაწყვილებული. ქალბატონმა სტენლიმ შეგნებულად თქვა უარი საჭის გამაძლიერებელსა და მუხრუჭების გამაძლიერებელზე, რათა ავტომობილი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო, რადგან დრაგ-რბოლებში მონაწილეობას გეგმავდა. და მან ეს მართლაც შეძლო!
ეს Dart-ი ბევრად მეტი გახდა ოჯახისთვის, ვიდრე უბრალო სატრანსპორტო საშუალება. ის შაბათ-კვირას დრაგ-ზოლზე ატარებდა, ფიგურირებდა უამრავ საოჯახო ფოტოში და მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. თუმცა, 1982 წელს, როდესაც აშშ-ში რეცესია დაიწყო და ოჯახის შესანახად ფინანსები გახდა საჭირო, სტენლებმა მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღეს და საყვარელი Dodge-ი გაყიდეს. გაჭირვებისათვის თავის დაღწევის შემდეგ ისინი ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ ავტომობილს — აქვეყნებდნენ განცხადებებს გაზეთებში, კითხულობდნენ ქალაქში, მაგრამ უშედეგოდ.
ტყეში ჩამარხული 40 წელი
საოცრება 2017 წელს მოხდა. სოფლის გზაზე მოძრაობისას, მათმა ვაჟმა, ჯეკმა, ხეებს შორის მიტოვებული ავტომობილები შეამჩნია. დაინტერესდა, იქნებ რამე რესტავრაციისთვის გამოსადეგი ძველი პიკაპი ეპოვა და ტერიტორიაზე შევიდა.
ადგილზე მისულმა კი თვალებს არ დაუჯერა. წაქცეული ხეებისა და მრავალწლიანი ბუჩქების ქვეშ მისი მშობლების 1968 წლის Dodge Dart GTS Convertible იმალებოდა. ოდესღაც მბზინავ კლასიკას წლებმა და ბუნებრივმა პირობებმა თავისი დაღი დაასვა — საბარგულის იატაკი მთლიანად დაჟანგული და გადამწვარი იყო, სალონი განადგურებული, კორპუსის დიდი ნაწილი კი კოროზიას შეეჭამა. თუმცა, ეს ნამდვილად ის მანქანა იყო.

ჯეკი სახლში გაიქცა მშობლებისთვის ამბის შესატყობინებლად. როდესაც ქალბატონი სტენლი ადგილზე მივიდა, ემოციები ვერ შეიკავა — მან უსიტყვოდ ჩაიკრა გულში ნახევარი საუკუნის წინ დაკარგული და გაუბედურებული ავტომობილი. ოჯახმა გაწმინდა ტერიტორია, გამოიძახა ევაკუატორი და Dodge საბოლოოდ დააბრუნა სახლში.
მეორე შანსი უიშვიათესი კლასიკისთვის
საოცარი აღმოჩენა მხოლოდ დასაწყისი იყო. Dodge-ი სატელევიზიო შოუ Graveyard Carz-ის ექსპერტებს გადასცეს. დეტალურმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ ეს მართლაც ის ავტომობილია, რომელიც სტენლებმა 1968 წელს შეიძინეს. ქარხნული იარლიყები, კორპუსის დამღები და ორიგინალი ლურჯი საღებავის კვალიც კი ამას ცალსახად ამტკიცებდა.

მართალია, ავტომობილს კოლოსალური სამუშაოები სჭირდება — იატაკის, საბარგულისა და კორპუსის ნაწილების სრული გამოცვლით, თუმცა რესტავრატორების გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს ამად ღირს. ეს დოჯი ერთ-ერთია იმ სულ რაღაც 44 ერთეულიდან, რომელიც 1968 წელს 340 V8 ძრავითა და 4-სიჩქარიანი მექანიკით შეიქმნა, რაც მას ერთ-ერთ უიშვიათეს გადარჩენილ Mopar-ად აქცევს.
ეს ისტორია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ავტომობილები, რომლებიც მართლა გვიყვარს, სამუდამოდ არასდროს ქრებიან.