ჰიბრიდი, აშშ, გაყიდვები, ტოიოტა, ტოიოტა პრიუსი
Aa
Aa

ჰიბრიდების გაყიდვები იზრდება, თუმცა აშშ-ში Toyota Prius-ს მაინც დიდი პრობლემები აქვს

ამერიკიდან უცნაური ამბები მოდის — Toyota Prius-ის გაყიდვები თავისუფალ ვარდნას განიცდის. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ამერიკელებმა მხოლოდ 19 518 ერთეული ჰიბრიდი შეიძინეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.3%-იანი კლებაა. ეს ვარდნა განსაკუთრებით გასაკვირია იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო საწვავის ფასები მკვეთრად იზრდება, რაც, წესით, ეკონომიურ ჰიბრიდებზე მოთხოვნას უნდა ზრდიდეს.

ასევე იხილეთ: რატომ იყო Toyota-ს ტყუილი გენიალური? - Cellica-ს გასაოცარი ისტორია

როგორც ჩანს, იაპონურ ავტოგიგანტს გაყიდვების გამოსასწორებლად არც 2027 წლის მოდელის იმედი უნდა ჰქონდეს, რადგან ახალი მოდელი მხოლოდ მინიმალურ კოსმეტიკურ და ფუნქციურ განახლებებს გვთავაზობს, ფასი კი გაზრდილია.

რა იცვლება 2027 წლის მოდელში?

სიახლეების სია ძალიან მოკლეა — მოდელს დაემატა ძარის ახალი შეფერილობა: მუქი ნაცრისფერი ტონი სახელწოდებით Inked. ასევე, ორზონიანი კლიმატკონტროლის სისტემა ახლა უკვე საბაზისო კომპლექტაციაშივე სტანდარტულია.

ამ მცირედი ცვლილებების მიუხედავად, ავტომობილის საწყისი ფასი $205-ით გაიზარდა და ახლა $28 755-დან იწყება. ფასების მატება შეეხო აბსოლუტურად ყველა კომპლექტაციას: LE, XLE, Nightshade და Limited ვერსიებს.

ტექნიკური თვალსაზრისით ავტომობილი უცვლელი რჩება — წინა წამყვანი ვერსია აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ჰიბრიდული ძრავით, რომელიც 194 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და შერეულ ციკლში 4.3 ლ/100 კმ-ს მოიხმარს. სრულამძრავიან (AWD) ვარიანტს 196 ცხენის ძალა აქვს, საწვავის საშუალო მოხმარება კი უმნიშვნელოდ – 4.4 ლ/100 კმ-მდე იზრდება.

ცვლილებების იგივე მინიმალური პაკეტი მიიღო უფრო ეკონომიურმა, დამუხტვადმა ჰიბრიდმაც. მისი საწყისი ფასიც, წინა წელთან შედარებით, ზუსტად $205-ით გაიზარდა და ახლა $33 980-ს შეადგენს. ფასების მატება შეეხო XSE, Nightshade და XSE Premium ვერსიებსაც.

შეგახსენებთ, რომ Plug-in ჰიბრიდი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ძრავით, ელექტროძრავითა და 13.6 კვტ/სთ მოცულობის ელემენტების ბლოკით. სისტემური სიმძლავრე 220 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო მხოლოდ ელექტროენერგიით ავტომობილს 70 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია. ელემენტის დაცლის შემდეგ კი ის ჩვეულებრივი ჰიბრიდის რეჟიმში მუშაობს და შერეულ ციკლში 4.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

გაყიდვების ასეთი მკვეთრი ვარდნის ფონზე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Toyota-ს მხრიდან მსგავსი სიმბოლური განახლება საკმარისი არ იქნება ბაზარზე პოზიციების დასაბრუნებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკურენტები ბიუჯეტურ სეგმენტში სულ უფრო მეტ ალტერნატივას სთავაზობენ მომხმარებელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები