საქართველო, ავტოექსპორტი, ავტოიმპორტი, რეექსპორტი
Aa
Aa

საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი 101 620%-ით გაიზარდა

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ირანში ექსპორტი 629.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ირანში ექსპორტის მოცულობამ 106.855 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-ივნისში 14.647 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ირანთან ექსპორტი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. კერძოდ, თუ გასული წლის მოცემულ საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ირანში რეექსპორტზე მხოლოდ 5 მანქანა გავიდა, 2026 წლის იანვარ-ივნისში ამ მაჩვენებელმა 5 086 ერთეული შეადგინა (რაც თითქმის 1 017-ჯერ, ანუ 101 620%-ით მეტია).

უფრო კონკრეტულად კი, 5 ძირითადი სასაქონლო ჯგუფი, რომლის ექსპორტიც 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ირანში განხორციელდა, ასეთია:

  • მსუბუქი ავტომობილები — 89.308 მლნ აშშ დოლარი;
  • ფეროშენადნობები — 6.982 მლნ აშშ დოლარი;
  • ხე-ტყის მასალა (დახერხილი ან დაპობილი) — 2.825 მლნ აშშ დოლარი;
  • პლასტმასის ნედლეული (პოლიმერები პირველადი ფორმებით) — 1.318 მლნ აშშ დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები — 1.162 მლნ აშშ დოლარი.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 12.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი — 21%-ით. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს.

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 100 616 ერთეული ავტომობილი (1.614 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების) შემოვიდა, წინა წლის იმავე პერიოდში კი — 114 778 ერთეული (1.938 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების). წელს, საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან საზღვარგარეთ 38 759 ცალი მანქანა (938.043 მლნ აშშ დოლარი) გავიდა, წინა წლის იანვარ-ივნისში კი — 49 122 ცალი (1.217 მლრდ აშშ დოლარის).

2026 წლის პირველ ექვს თვეში ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთი იყო:

  • აშშ — 76 936 ერთეული (917.361 მლნ აშშ დოლარი);
  • იაპონია — 10 006 ერთეული (217.202 მლნ აშშ დოლარი);
  • ჩინეთი — 4 185 ერთეული (38.473 მლნ აშშ დოლარი);
  • გერმანია — 2 457 ერთეული (206.963 მლნ აშშ დოლარი);
  • კორეა, რესპუბლიკა — 2 085 ერთეული (31.333 მლნ აშშ დოლარი).

წელს, 6 თვეში, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული:

  • ყაზახეთი — 13 068 ერთეული (204.438 მლნ აშშ დოლარი);
  • ყირგიზეთი — 10 701 ერთეული (412.816 მლნ აშშ დოლარი);
  • ირანი — 5 086 ერთეული (89.307 მლნ აშშ დოლარი);
  • ტაჯიკეთი — 2 966 ერთეული (49.867 მლნ აშშ დოლარი);
  • აზერბაიჯანი — 2 456 ერთეული (82.885 მლნ აშშ დოლარი).

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები