ფორმულა 1-ის ლეგენდა, ალან ჯონსი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფორმულა 1-ის სამყარომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა დაკარგა. 1980 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ავსტრალიური ავტოსპორტის ლეგენდა ალან ჯონსი 80 წლის ასაკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელიც 1950 წლიდან იწყება, მძღოლთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მხოლოდ 36 ადამიანმა შეძლო. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ჯონსს უკავია, რომელმაც თავისი ნიჭით, შეუპოვრობითა და მებრძოლი ხასიათით სპორტში უდიდესი კვალი დატოვა.
ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც ლეგენდარულ მიხაელ შუმახერზე უნდა იცოდეთ
ჯონსი ლეგენდარული Williams FW07B ბოლიდით ასპარეზობდა — მანქანით, რომელმაც სერ ფრენკ ვილიამსის გუნდი ფორმულა 1-ის ელიტაში სამუდამოდ დაამკვიდრა. ჯონსი გახდა პირველი პილოტი, ვინც Williams-ს მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა. საჩემპიონო სეზონში მან 5 გამარჯვება და 8 პოდიუმი მოიპოვა. ამ გამარჯვებით ჯონსი გახდა პირველი ავსტრალიელი მრბოლელი სერ ჯეკ ბრებჰამის შემდეგ, ვინც ეს პრესტიჟული ტიტული დაისაკუთრა, და თანამემამულეებს შორის დღემდე უკანასკნელი ჩემპიონია.
„ღრმად ვარ დამწუხრებული ალან ჯონსის გარდაცვალებით — ის ჩვენი სპორტის ჭეშმარიტი გიგანტი და გამორჩეული მრბოლელი იყო. ალანი შესანიშნავი კონკურენტი, ნამდვილი ლიდერსა და სანიმუშო პერსონა იყო, რომელმაც თაობები შთააგონა, განსაკუთრებით მის საყვარელ ავსტრალიაში“, — განაცხადა ფორმულა 1-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფანო დომენიკალიმ.
ჯონსი 1946 წლის 2 ნოემბერს მელბურნში დაიბადა. რბოლის სიყვარული მას მამისგან, სტენ ჯონსისგან ერგო, რომელიც 1950-იან წლებში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამოყვარულო რბოლებში Maserati 250F-ით წარმატებით ასპარეზობდა. ალანმა კარიერა Mini-თ აღმართის დაძლევის ჩემპიონატში დაიწყო, რის შემდეგაც დიდ ბრიტანეთში გადავიდა კარიერის გასაგრძელებლად. ფინანსური სირთულეების მიუხედავად, მან წარმატებით გაიკვლია გზა ბრიტანეთის ფორმულა 3-სა და ფორმულა ატლანტიკში, სანამ 1975 წელს, ესპანეთის გრან-პრიზე, Hesketh-ის ბოლიდით თავის პირველ F1 რბოლას ჩაატარებდა.
კარიერის მანძილზე მან 116 გრანპრიში მიიღო მონაწილეობა. ასპარეზობდა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა Shadow (სადაც 1977 წელს ავსტრიის გრან-პრი მოიგო) და მოგვიანებით Williams-ი, სადაც პატრიკ ჰედთან და ფრენკ ვილიამსთან ერთად ოქროს ხანა შექმნა.
„ეიჯეი ნამდვილი მამაკაცი იყო და მასთან მუშაობა დიდ სიამოვნებას წარმოადგენდა. ის არასდროს საჭიროებდა ფსიქოლოგიურ წახალისებას, რადგან იყო წარმოუდგენლად მიზანმიმართული და მტკიცე ხასიათის პიროვნება“, — ამბობდა მის შესახებ ლეგენდარული ფრენკ ვილიამსი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს