საკითხავი, გერმანული, მოკლე ისტორია, ტრაბანტი
Aa
Aa

კომუნისტური ეპოქის ყველაზე ცუდი ავტომობილი | Trabant-ი და მისი უცნაური ისტორია

მდორედ მოძრავი, ხმაურიანი, გამონაბოლქვით გარემოს დამაბინძურებელი და დასავლურ ავტომობილებთან შედარებით ათწლეულებით ჩამორჩენილი — ასე ახასიათებენ Trabant-ს, რომელიც კომუნისტური გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. თუმცა ბევრი ნაკლის მიუხედავადაც, ამ პატარა ზომის ავტომობილს მაინც ბევრი ადამიანი ყიდულობდა.

ასევე იხილეთ: პოპულარული გერმანული ავტომობილები 90-იანი წლების საქართველოში (ნაწილი 1)

1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, მსოფლიომ აღმოსავლეთ გერმანიის ყოველდღიურობაზე ბევრი ისეთი დეტალი შეიტყო, რომლის შესახებაც მანამდე არ სმენოდა. მათ შორის კი განსაკუთრებულ ყურადღებას ის ავტომობილები იპყრობდა, რომლებითაც აღმოსავლეთ გერმანელები საზღვარს კვეთდნენ. მაგალითად, ასეთი იყო Trabant 601 — პატარა ზომის, თუმცა ხმაურიანი ავტომობილი, რომელიც თითქოს საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებასაც ათწლეულებით ჩამორჩებოდა.

Trabant-ი ნელი მოდელი იყო, რომელსაც პლასტმასის მსგავსი მასალისგან დამზადებული ძარა და მარტივი კონსტრუქცია ჰქონდა და დიდი რაოდენობით გამონაბოლქვს გამოყოფდა. მიუხედავად ამისა, ის მილიონობით ადამიანმა შეიძინა.

Trabant-ი, უბრალოდ, ერთ რიგ ცუდ ავტომობილთან ერთად, ეკონომიკური სისტემის პროდუქტიც იყო, რომელსაც დასავლურ ავტომწარმოებლებთან კონკურენცია უჭირდა. აღმოსავლეთ გერმანიაში 1964-1990 წლებში წარმოებული Trabant 601 მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თითქმის არ შეუცვლიათ. მისი ისტორია კი მაგალითია იმისა, თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს ავტომწარმოებელს, რომელსაც თავისი პროდუქტის გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსი და მოტივაცია არ გააჩნია.

Trabant 601 გამოსვლისთანავე მოძველებული იყო

Trabant 601 ბაზარზე 1964 წელს გამოჩნდა. ეს უკანასკნელი მანამდე გამოშვებული Trabant-ის მოდელების „განვითარებული“ ვერსია გახლდათ. მისი მიზანი აღმოსავლეთ გერმანიის რიგითი მოქალაქეებისთვის შედარებით ხელმისაწვდომი ავტომობილის მიწოდება იყო, თუმცა ტექნიკურად ის თავიდანვე მოძველებულ კონსტრუქციას იყენებდა.

მოდელის კაპოტქვეშ ჰაერით გაგრილებადი, 2-ცილინდრიანი და 2-ტაქტიანი ძრავა მოათავსეს, რომლის მოცულობაც სულ რაღაც 594 კუბურ სანტიმეტრს (დაახლოებით 0.6-ლიტრიანი აგრეგატი) შეადგენდა. მოგვიანებით გამოშვებულ ვერსიებში მოდელის სიმძლავრე 26 ცხენის ძალას შეადგენდა. ამ შესაძლებლობების აგრეგატს კი დაახლოებით 615 კილოგრამის წონის ავტომობილის მოძრაობა ევალებოდა. სიმძლავრე წინა ბორბლებს 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით გადაეცემოდა.

ერთი შეხედვით, იმ დროისთვის მაინც, მსგავსი მახასიათებლები ქალაქის ავტომობილისთვის შეიძლება ზოგს საკმარისად მოეჩვენოს. თუმცა გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ Trabant-ი სწრაფი მანქანა იყო. რეალურად, მისი მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ზე ნაკლები იყო, ხოლო აჩქარება იმ დროის სტანდარტებითაც საკმაოდ ნელი. დამატებით, ეს 2-ტაქტიანი ძრავაც სპეციფიკური ხმაურითა და მაღალი გამონაბოლქვით ხასიათდებოდა.

აგრეგატის კონსტრუქცია 601-ის წარმოების დასრულებამდე ძირითადად უცვლელი დარჩა. ეს კი მაშინ, როდესაც დასავლური კომპანიები შედარებით მოწინავე 4-ტაქტიან ძრავებზე, უსაფრთხოების გაუმჯობესებულ სისტემებსა და მომხმარებლებისთვის კომპაქტური ინტერიერის შეთავაზებაზე მუშაობდნენ. ამ დროს Trabant-ი ტექნოლოგიურად თავისივე ეპოქაში იყო ჩარჩენილი.

რატომ იყო Trabant-ის ძარა პლასტმასის მსგავსი მასალისგან დამზადებული?

Trabant-ის ერთ-ერთი უცნაურობა სწორედ ეს ძარა იყო. სტანდარტული ფოლადის პანელების ნაცვლად, აქ Duroplast-ი გამოიყენეს — კომპოზიტური მასალა, რომელიც ფისისა და გადამუშავებული ბამბის ან შალის ბოჭკოებისგან მზადდებოდა. ამ გადაწყვეტილებასაც პრაქტიკული მიზეზები ჰქონდა და აღმოსავლეთ გერმანიაში რიგ მასალებზე დეფიციტით აიხსნებოდა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე დადებითი მხარეც ჰქონდა, მათ შორის ის, რომ Duroplast-ი ავტომობილის საერთო მასის შემცირებას უწყობდა ხელს, ასევე სტანდარტული ფოლადისგან განსხვავებით, კოროზიისგან უფრო დაცული იყო. თუმცა ეს ინოვაცია არ ყოფილა და გერმანელებმა ამ მოდელში უბრალოდ ის მასალები გამოიყენეს, რაც მათთვის შედარებით მარტივად ხელმისაწვდომი იყო.

საინტერესოა, რომ ავტომობილის შეძენაც ისეთივე რთული იყო, როგორც მართვა:

Trabant-ის ძარასა და ძრავას რომ თავი დავანებოთ, კიდევ ერთი უცნაურობა, რაც ამ ავტომობილს თან ახლდა, მისი შეძენის პროცესი იყო. აღმოსავლეთ გერმანიაში ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მსურველებს რიგში ჩადგომა უწევდათ, რაც ზოგჯერ წლების განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც ცნობილია, 1970-იანი წლების დასაწყისში მყიდველს ავტომობილის მისაღებად შესაძლოა 7-10 წელი დასჭირვებოდა.

ამ გარემოებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ავტომობილის განვითარებაზეც. ხოლო მწარმოებელი, რომელიც თავისი ავტომობილის გასაუმჯობესებლად თავს არ იწუხებს, დიდხანს კონკურენტულ ბაზარზე ვერ გადარჩება. უბრალოდ, Trabant-ის შემთხვევაში, მყიდველებს ალტერნატივა თითქმის არ ჰქონდათ და უწევდათ, მას დასჯერებოდნენ.

საბოლოოდ, Trabant 601 აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროდუქტად იქცა. 1964-1990 წლებში მისი 2.8 მილიონზე მეტი ეგზემპლარი დამზადდა. თუმცა წარმოების პერიოდის ეს მასშტაბები არა ავტომობილის წარმატებაზე, არამედ ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიის სირთულეებზე მიუთითებდა.

შედეგად, 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში Trabant-ი თითქმის არ შეცვლილა. უფრო თანამედროვე ავტომობილის შექმნის გეგმების მიუხედავად კი, რეალურად არც არაფერი განხორციელებულა. აღმოსავლეთ გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიული კვლევები ამ წარუმატებლობას უფრო ღრმა სამრეწველო და პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირებს.

შედეგად, ათწლეულების განმავლობაში Trabant-ი სულ უფრო მოძველებულ ავტომობილად იქცა. ბერლინის კედლის დაცემის დროს ის უკვე სხვა ეპოქის რელიქვიას ჰგავდა. თუმცა გერმანიის გაერთიანების შემდეგ ეს მოდელი არ დაუვიწყებიათ და, უფრო მეტიც, ალბათ, თავის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება სწორედ მაშინ მიიღო. ტურინის საავტომობილო მუზეუმის ინფორმაციით, მას Volkswagen Polo-სგან 1.043-ლიტრიანი ოთხტაქტიანი ძრავა ჩაუდგეს.

Trabant-ის მიმართ მფლობელთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია...

Trabant-სა და მისი მართვის გამოცდილებას მფლობელები დღესაც იხსენებენ. მაგალითად, Reddit-ის ერთ-ერთ განხილვაში მომხმარებელი Trabant-ს ხმაურიან და მოუხერხებელ ავტომობილად აღწერდა, მართვის ცუდი მახასიათებლებით. თუმცა იმასაც ამბობდა, რომ მოდელი, ამავე დროს, საკმაოდ გამძლე იყო და მარტივი ხელსაწყოებით მისი შეკეთებაც შედარებით იოლი იყო.

სხვა განხილვებში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად ჩამორჩებოდა ავტომობილი დასავლურ ალტერნატივებს. მომხმარებლები ხუმრობდნენ კიდეც, რომ მანქანის შეძენისთვის 15 წლამდე ლოდინიც უწევდათ. ერთ-ერთი მფლობელი მას „პატარა სავალალო ავტომობილად“ მოიხსენიებდა. თუმცა ყველა კომენტარი უარყოფითი არ ყოფილა. Trabant-ის მოყვარულთა ონლაინსაზოგადოებაში აღნიშნავენ, რომ ავტომობილი სათანადო მოვლის შემთხვევაში საკმაოდ საიმედო მოდელი იყო. თუმცა დაბალი სიმძლავრე და სათადარიგო ნაწილების მოძიების სირთულე ყოველდღიურად მის გამოყენებას ართულებდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    7 სპორტული ავტომობილი საბჭოთა კავშირიდან, რომლის მონაცემებიც გაგაკვირვებთ
    7 სპორტული ავტომობილი საბჭოთა კავშირიდან, რომლის მონაცემებიც გაგაკვირვებთ