Mercedes-Benz SL-ის ხაზს ახალი მოდელი ემატება | სამი განსხვავებული ხასიათი ერთ ავტომობილში
Mercedes-Benz SL-ის მოდელების ხაზი 2027 წელს კიდევ ერთი ახალი და კომფორტზე ორიენტირებული ვერსიით გაფართოვდება. ბერლინში გამართულ „ოქროს საჭის“ დაჯილდოებაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლა კალენიუსმა, დაადასტურა, რომ მათი უახლესი ავტომობილი AMG-ისა და Maybach-ის უკვე არსებულ მოდელებს შეუერთდება. შესაბამისად, რომელიმე მათგანის ჩანაცვლება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ასევე იხილეთ: როგორ დაიბადა პირველი AMG?
ეს ნიშნავს, რომ SL-ის 2028 სამოდელო წლის ხაზში მომხმარებელს ერთი ავტომობილის სამი განსხვავებული ვერსია დახვდება. ამჟამინდელი თაობა 2022 წელს გამოვიდა, თუმცა ახლა უკვე Mercedes-Benz-ი თითოეული ვერსიისთვის განსხვავებული ხასიათის მინიჭებას გეგმავს.
გამოცემა Auto Bild-ის ინფორმაციით, ახალი SL-ის მთავარი უპირატესობა კომფორტულობა იქნება, როგორც ავტომობილის მართვის, ისე მგზავრობის დროს. კალენიუსის თქმით, SL ერთდროულად საიმედო წარმადობას, კომფორტის მაღალ ხარისხსა და მართვის გამორჩეულ გამოცდილებას შემოგვთავაზებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ისიც დაადასტურა, რომ ახალი ავტომობილის პრეზენტაცია მომდევნო წელს შედგება.

ახალი ვერსია Mercedes-Benz-ის ტრადიციული ემბლემით გამოვა და თავისი ღია სახურავით კომფორტულ მგზავრობაზე იქნება მორგებული. შენიღბული პროტოტიპის ფოტოებზე ჩანს, რომ ავტომობილს განსხვავებული წინა ბამპერი აქვს, თუმცა მას კლასიკური სამქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებს. ასევე, ვარსკვლავის ელემენტების მქონე დღის განათებები. თუ ამ პროტოტიპით ვიმსჯელებთ, ეს დიზაინი AMG-ისთვის დამახასიათებელი Panamericana-ს ცხაურისა და Maybach-ის უფრო მდიდრული წინა ნაწილისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Mercedes-მა SL43-ის ოთხცილინდრიანი ძრავის წარმოება შეწყვიტა. განიხილავს თუ არა გერმანული კომპანია ამ აგრეგატის ნაცვლად ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავის გამოყენებას, ამ დროისთვის უცნობია. კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალურად მსგავსი არაფერი დაუდასტურებია.

რაც შეეხება SL-ის AMG-ვერსიას, ის კვლავ მოდელის სპორტულ მახასიათებლებზე იქნება კონცენტრირებული. მკვეთრი მართვის შესაძლებლობა და მაღალი სიჩქარისთვის შესაბამისი კონფიგურაცია იქნება ის, რასაც ამ ვერსიის მყიდველები მიიღებენ. თუმცა Mercedes-მა ხასიათი ამ ვერსიასაც მცირედით შეუცვალა და განახლებული ძარა უფრო კომფორტულ მართვას მოარგო. შედეგად, მივიღეთ AMG-ის მოდელი, რომელიც ყოველდღიური გამოყენებისთვის ბევრად პრაქტიკულია.
ამ დიაპაზონის მეორე ბოლოში 2026 სამოდელო წელს წარდგენილი Mercedes-Maybach SL 680-ია. ეს უკანასკნელი მდიდრულ ხასიათსა და გამორჩეულ ვიზუალს წარმოგვიდგენს. ახალი, სტანდარტული Mercedes-Benz-ის ემბლემის მქონე SL კი ამ ორ ვერსიას შორის თავის ადგილს დაიკავებს. მოდელი AMG-ის სპორტულ სიმკვეთრესა და Maybach-ის განსაკუთრებულ ფუფუნებას არ გაიმეორებს და კომფორტზე გააკეთებს აქცენტს.

კომპანიას 2027 წლის მოდელის ფასი, ძრავის სიმძლავრე და ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ გაუმჟღავნებია. ამ დეტალებს Mercedes-Benz-ი უკვე ავტომობილის ოფიციალურ წარდგენასთან ერთად გაასაჯაროებს. შეგახსენებთ, რომ 2027 წელს გერმანული მწარმოებელი ჯამში შვიდი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს