GTA 6 ჯერ არ გამოსულა და უკვე $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა
Grand Theft Auto-ს მეექვსე ნაწილის გამოსვლამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი, თუმცა ვიდეოთამაში რეკორდებს უკვე ხსნის. მოლოდინის შესაბამისად, თამაშზე მოთხოვნაც მაღალი აღმოჩნდა და საბოლოოდ, მხოლოდ წინასწარი გაყიდვებიდან GTA-მ $1 მილიარდი გამოიმუშავა, რაც დაახლოებით 10.31 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს ნიშნავს.
ბაზრის ანალიტიკური ფირმა Sensor Tower-ის მონაცემებით, თამაშმა გაყიდვებიდან $1-მილიარდიანი შემოსავლების ნიშნულს ოფიციალურ გამოსვლამდე რვა დღით ადრე მიაღწია. შედეგად, 19 ნოემბრის პრემიერამდე GTA 6-მა თავისი წინამორბედის, Grand Theft Auto V-ის შედეგებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

ცნობისთვის, Sensor Tower-ის მონაცემებით, GTA 6-ის წინასწარი გაყიდვებიდან დაახლოებით 75% PlayStation-ის ვერსიებზე მოდის, ხოლო Xbox-ზე 25% ნაწილდება.
შედარებისთვის, GTA-ს მეხუთე ვერსიამ, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, ოფიციალურ პრემიერამდე 7 მილიონი წინასწარი შეკვეთა მიიღო. თამაშის გაყიდვებმა კი გამოსვლის დღეს მსოფლიოში 11 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია, გამოსვლიდან პირველი კვირის ბოლოს კი ეს მაჩვენებელი 16 მილიონ ეგზემპლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, GTA 6-ზე მოლოდინები — უკვე არსებული შედეგებიდან გამომდინარე — ბევრად უფრო მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოთამაშის შემქმნელი კომპანიის, Rockstar Games-ის, მშობელ კომპანიას, Take-Two Interactive-ს, GTA 6-ის გაყიდვების ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გაუსაჯაროებია. თუმცა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტრაუს ზელნიკმა, სამშაბათს, ფინანსური ანგარიშგების პრეზენტაციისას განაცხადა, რომ შეკვეთები კომპანიის თავდაპირველ პროგნოზებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
Take-Two-ს მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, დღემდე 2013 წელს გამოსული Grand Theft Auto V-ის 235 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. მთლიანობაში კი GTA-ს ფრენჩაიზის თამაშები თითქმის 480 მილიონჯერაა გაყიდული.
შეგახსენებთ, რომ GTA-ს მეექვსე ნაწილის გამოსვლა წარსულში რამდენჯერმე უკვე გადაიდო. თავდაპირველად, თამაში 2025 წლის შემოდგომაზე უნდა გამოსულიყო, შემდეგ ის 2026 წლის მაისისთვის გადავადდა, თუმცა საბოლოოდ, ოფიციალური პრემიერის თარიღად 19 ნოემბერი განისაზღვრა. ვიდეოთამაშის ბოლო თიზერი დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს