მერსედესი, მდიდრული, მაიბახი, მერსედეს ჯიელესი, მაიბახ ჯიელეს 680
Aa
Aa

მერსედესი Bentley-ის გვირგვინის მოპარვას ცდილობს — იხილეთ ახალი Maybach GLS

მას შემდეგ, რაც Mercedes-Benz-მა განახლებული GLS წარმოადგინა, მხოლოდ დროის საკითხი იყო, თუ როდის ვიხილავდით მის ყველაზე მდიდრულ ვერსიას. დღეს 2027 წლის Mercedes-Maybach GLS 680-ი ოფიციალურად ვიხილეთ – ეს ულტრა-მდიდრული კლასის SUV-ია, რომელიც მაქსიმალურად გაჯერებულია ქრომის დეტალებითა და ექსკლუზიური ლოგოებით, რათა ის არავის აერიოს ჩვეულებრივ Benz-ში, Bentley-ში ან Rolls-Royce-ში.

ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

ახალი Maybach GLS 680 მოიცავს სტანდარტული GLS-ის დიზაინის ძირითად ელემენტებს, როგორიცაა, მაგალითად, სამქიმიანი ვარსკლავის ფორმის მაშუქები და შავი პრიალა ცხაური, თუმცა მაიბახი მათ უმატებს გლამურის გიგანტურ დოზას. წინა მაშუქებში დამატებულია ვარდისფერი ოქროს აქცენტები, ხოლოს ბამპერის ჰაერის შემშვების ბადეები მთლიანად დაფარულია ორმაგი „M“ ლოგოების ორნამენტით. ავტომობილის გვერდით ნაწილს ამშვენებს პოლირებული ალუმინის ზღურბლები და 23-დუიმიანი ჭედური დისკები. სურვილისამებრ, ხელმისაწვდომია ტრადიციული ორფერიანი ღებვაც, რომელსაც ძარის გასწვრივ გავლებული თხელი ხაზი ჰყოფს.

მართალია, ავტომობილი სტანდარტულად ხუთადგილიანია, თუმცა ნამდვილი ფუფუნებისთვის მყიდველებს შეუძლიათ აირჩიონ ოთხადგილიანი Executive ვარიანტიც. ამ კომპლექტაციით უკანა მგზავრები იღებენ გათბობის, ვენტილაციისა და წვივების სპეციალური მასაჟორის ფუნქციას. მინის ერთიანი პანელის ქვეშ მოთავსებულია სამი 12.3-დუიმიანი ეკრანი, რომლებიც სპეციალურად Maybach-ისთვის ვარდისფერ-ოქროსფერი ინტერფეისითა და ექსკლუზიური გრაფიკითაა გაფორმებული. გარდა ამისა, MANUFAKTUR პროგრამით ხელმისაწვდომია ტყავის ჭერი, რომელსაც გერმანიაში კონკრეტული ოსტატი ხელით კერავს და საკუთარ ავტოგრაფსაც ტოვებს. გაძლიერებული ხმოვანი იზოლაცია სალონს აბსოლუტურ სიჩუმეში ახვევს, რაც იდეალურ გარემოს ქმნის 710-ვატიანი Burmester-ის 15-დინამიკიანი აუდიოსისტემისთვის.

2027 წლის Maybach GLS 680-ის კაპოტის ქვეშ მოთავსებულია განახლებული 4.0-ლიტრიანი Twin-Turbo V8 ძრავი, რომელიც აღჭურვილია Flat-Plane ამწე ლილვითა და „მაილდ“ ჰიბრიდული სისტემით. ძრავი 603 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონს გამოიმუშავებს, რაც ზუსტად ემთხვევა სპორტული AMG GLS 63-ის მონაცემებს და წინამორბედ GLS 600-თან შედარებით 53 ცხენის ძალით მეტია. 

სტანდარტული Airmatic პნევმო-საკიდარი ღრუბლოვან სისტემას უკავშირდება — სხვა Mercedes-ები გზაზე არსებულ ორმოებს აფიქსირებენ და მონაცემებს ღრუბლოვან ბაზაზე ტვირთავენ, რის საფუძველზეც Maybach-ის ადაპტური ამორტიზატორები წინასწარ ემზადებიან უსწორმასწორობებისთვის. ოფციური E-Active Body Control სისტემა კი საშუალებას აძლევს ავტომობილს, მოსახვევში 3 გრადუსით შიგნით გადაიხაროს, რათა მგზავრებმა გრავიტაციული დატვირთვა საერთოდ ვერ იგრძნონ.

GLS 680 აწყობილია ალაბამას შტატში და ის, Cadillac Celestiq-ის შემდეგ, ამერიკაში წარმოებული ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ფასები ჯერ უცნობია, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სრულად კომპლექტებული GLS 680 დაახლოებით 240 000 დოლარი ეღირება. ეს ოდნავ მეტია საბაზო Bentley Bentayga-ზე, თუმცა ორჯერ ნაკლებია Rolls-Royce Cullinan-ის საწყის ღირებულებაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები