საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რევაზ სოხაძე, სარფის გვირაბი
Aa
Aa

სარფის 8 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება

„რამდენიმე კვირაში დაიწყება სარფის 8-კმ-იანი გვირაბის მშენებლობა“ — ამის შესახებ რევაზ სოხაძემ, „იმედის“ ეთერში, მაგისტრალების განვითარებასა და ქვეყნის ტრანზიტულ ფუნქციაზე საუბრისას განაცხადა.

ასევე, როგორც ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი, ბათუმი–სარფის მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება.

„რამდენიმე დღის წინ გავხსენით 6-კმ-იანი მაგისტრალი გურიაში. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ის არამხოლოდ კომფორტული გზებითა და ინფრასტრუქტურით, არამედ, მიუხედავად იმ ტურბულენტობისა, რაც ხდება რეგიონსა და მსოფლიოში, გადაზიდვების კუთხით ყველაზე სტაბილური პარტნიორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ამ მიმართულებით პოტენციალის გაზრდისთვის.

აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ეს პროცესი და მაგისტრალების მშენებლობა აქტიურ ფაზაში იყოს. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობა. წელს გახსნილი გვექნება თბილისიდან ბათუმამდე მთლიანად მაგისტრალი, სამტრედიის ხიდის მონაკვეთის გარდა.

რამდენიმე კვირაში დაიწყება სარფის 8-კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს ჩრდილოეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ეს არის კობი-ქვეშეთისა და გველეთი-ლარსის მონაკვეთები. ასევე, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება სხვა მონაკვეთებზე ტენდერი.

მიმდინარე ტენდერი გვაქვს რუსთავი-წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობაზე. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კახეთის მიმართულებით სამშენებლო სამუშაოები. იქაც ახალ მონაკვეთებზე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერები და გაგრძელდება მუშაობა.

ჩვენ დავიწყეთ სამტრედია-ზუგდიდის მაგისტრალის დაპროექტება. ეს არის ახალი მონაკვეთი, რომელიც არ იყო გეგმაში. იმედი გვაქვს, სამშენებლო სამუშაოებზეც მალე გადავალთ. გარდა ამისა, ჩვენ ვიწყებთ სამხრეთის დერეფნის განვითარებას. ეს არის მარნეულის, ახალქალაქისა და ახალციხის მიმართულება, რაც მრავალმხრივს გახდის მაგისტრალებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე გაივლის.

ეს უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს ჩვენს ქვეყანაში ტრანზიტული ტვირთების გადაადგილებისთვის. ტრანზიტსაც რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური წინსვლისა და რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

წყარო - BPN.GE

მსგავსი სიახლეები