აშშ-ის ბაზარზე მეორადი ავტომობილების საშუალო ფასი 2023 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზეა
აშშ-ში მეორადი ავტომობილების საშუალო გასაყიდი ფასი 2023 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულზეა. ეს ტენდენცია მყიდველებისთვის ხელმისაწვდომობას სერიოზულად ამცირებს და მათთვის მეორადი ავტომობილის შეძენასაც კი მნიშვნელოვნად ართულებს — ახალ მოდელებზე რომ აღაფერი ვთქვათ.
კომპანია Cox Automotive-ის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ივნისის ბოლოსთვის ამერიკული დილერების სადგომებზე 2.14 მილიონი მეორადი ავტომობილი იდგა, რაც 47 დღის მარაგის ეკვივალენტურია. ეს მაჩვენებელი მაისთან შედარებით 1%-ით, ხოლო გასულ წელთან შედარებით 0.2%-ითაა გაზრდილი, თუმცა ბოლო წლების ისტორიულ სტანდარტებთან შედარებით დეფიციტი მაინც საგრძნობია.

დღეისათვის მეორადი მანქანების საშუალო გასაყიდი ფასი $27 027-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია და 2023 წლის ზაფხულის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში საშუალო ფასი $25 207-ს შეადგენდა, რის შემდეგაც, აპრილსა და მაისში, ფასების მკვეთრი ნახტომი დაფიქსირდა.
ფასების ზრდა წლის დასაწყისში Manheim-ის აუქციონებზე საბითუმო ღირებულების გაძვირებამ და გაყიდვებში შედარებით ახალი მოდელების წილის მომატებამ განაპირობა. Cox Automotive-ის შეფასებით, ივნისში 1.376 მილიონი მეორადი ავტომობილი გაიყიდა — ეს ნაკლებია მაისის მაჩვენებელზე (1.449 მლნ) და მკვეთრად ჩამორჩება მარტის მონაცემებს (1.634 მლნ), როდესაც საშუალო ფასი $25 369-ის ფარგლებში მერყეობდა.

ბიუჯეტური სეგმენტის მწვავე დეფიციტი
გარდა იმისა, რომ მეორადი ავტომობილის ყიდვა გაძვირდა, კიდევ უფრო რთული გახდა ბიუჯეტური მოდელების პოვნაც. 15 000 დოლარამდე ღირებულების ავტომობილების მიწოდების მარაგმა ივნისში მხოლოდ 33 დღე შეადგინა, რაც ამ საფასო კატეგორიაში სერიოზულ დეფიციტზე მიუთითებს (ბაზრის საერთო საშუალო მაჩვენებელი 47 დღეა).
მიუხედავად იმისა, რომ ივნისში მეორადი ავტომობილების საერთო გაყიდვები შემცირდა (წლიურად 1.6%-ით, ხოლო მაისთან შედარებით 1.9%-ით), ეს კლება მოულოდნელი არ ყოფილა. ექსპერტების განმარტებით, მაისიდან ივნისამდე შენელება ზაფხულის დასაწყისისთვის დამახასიათებელ სეზონურ კანონზომიერებას ემთხვევა.