რა უნდა გააკეთოთ, თუ ავტომობილით მოძრაობისას ხანძარში აღმოჩნდებით | სპეციალისტების რეკომენდაციები
განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, მაშინ, როდესაც ტყის ხანძრების რისკი საგრძნობლად გაზრდილია, ავტომობილებით გადაადგილებისას მძღოლები შესაძლოა გაუთვალისწინებელი რისკის წინ აღმოჩნდნენ. საგზაო უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, თუ ავტომობილით გადაადგილებისას მოულოდნელად კვამლს შენიშნავთ, ზომები დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ, რადგან ამ დროს პირველი რამდენიმე წამია გადამწყვეტი. სწორედ ამ დროს მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ყველაზე გავრცელებული შეცდომა მოძრაობის გაგრძელების მცდელობაა. ძლიერი დაკვამლიანება კი ღიად ხილვადობას თითქმის ნულამდე ამცირებს და ავარიის რისკებსაც მნიშვნელოვნად ზრდის. გარდა ამისა, კვამლმა შესაძლოა ძრავის მუშაობაზეც იქონიოს გავლენა, რადგან ამ დროს წვისთვის საჭირო ჟანგბადის რაოდენობა მკვეთრად მცირდება.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხანძრის გამო საავტომობილო გზა გადაკეტილია, რეკომენდებულია უსაფრთხო ალტერნატიული მარშრუტის მოძებნა ან უკან დაბრუნება — რა თქმა უნდა, მხოლოდ მაშინ, თუ ამის გაკეთება უსაფრთხოდ შესაძლებელია.
ხილვადობის შემცირების შემთხვევაში კი, მძღოლმა აუცილებლად მაშუქები უნდა ჩართოს და, თუ საჭიროება მოითხოვს, ნისლის საწინააღმდეგო განათებაც. ხოლო თუ გაჩერება საჭირო გახდა, ავარიული ციმციმების ჩართვა აუცილებელია, რათა ავარიის რისკისგან როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვებიც დაიცვათ.
ექსპერტების თქმით, ავტომობილის გასაჩერებლად საუკეთესო ადგილი ღია სივრცეა, სასურველია ასფალტზე, რადგან ის ცეცხლის გავრცელებას აფერხებს. ხოლო თუ ასეთი ადგილი არ მოიძებნება, მაშინ დამწვარი ტერიტორია შედარებით უსაფრთხო ალტერნატივად მიიჩნევა.

ექსპერტთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ ავტომობილი დაუყოვნებლივ არ დატოვოთ. სალონი გარკვეული დროით იცავს მგზავრებს მაღალი ტემპერატურისა და კვამლისგან. მანქანის დატოვება მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც მასში დარჩენა უკვე სახიფათო ხდება. ხოლო თუ ავტომობილის დატოვება აუცილებელია, სპეციალისტები გვირჩევენ, სხეული მაქსიმალურად დავიფაროთ, პირი და ცხვირი სასურველია სველი ქსოვილით დავიფაროთ და ცეცხლის გავრცელების საპირისპირო მიმართულებით, მცენარეულობისგან მოშორებით ან უკვე დამწვარი ტერიტორიისკენ გადავინაცვლოთ.
რა თქმა უნდა, ბოლო რჩევა ხანძრის შემჩნევისთანავე შესაბამისი საგანგებო სამსახურების დროული ინფორმირებაა, რათა ცეცხლის ლოკალიზება და იქ მყოფი ადამიანების ევაკუირება დროულად მოხდეს.