საქართველო, ავტოიმპორტი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

საქართველოში ჩინური მანქანების იმპორტი მაქსიმუმზეა - რა ჯდება ერთი ავტომობილი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 6 თვეში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი წლიურად 66%-ით გაიზარდა და ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის უკვე მესამე ადგილზეა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში ქვეყანაში 4 185 ერთეული (38.473 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 521 ცალი (21.710 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) იყო.

შედარებისთვის, 2024 წლის 6 თვეში საქართველოში ჩინეთიდან 1 393 ერთეული (22.777 მლნ აშშ დოლარის) მანქანა შემოვიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში — 852 ავტომობილი (10.729 მლნ აშშ დოლარის), 2022 წლის იანვარ-ივნისში კი — 348 (2.632 მლნ აშშ დოლარის) ერთეული.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2026 წლის 6 თვის მდგომარეობით, ჩინური ავტომობილების ღირებულება, ზოგად ჭრილში, წლიურად მომატებულია.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-ივნისის იმპორტის მონაცემებით, ერთი ერთეული ჩინური ავტომობილის საშუალო ღირებულება დაახლოებით 9.2 ათასი აშშ დოლარი იყო, 2025 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში კი — 8.6 ათასი აშშ დოლარი. (შენიშვნა: ფასი დათვლილია საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად, მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხედვით, ღირებულება შესაძლოა უფრო მეტი ან ნაკლებიც იყოს).

რაც შეეხება მთლიანობაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ჯამში 100 616 ერთეული (1.614 მლრდ აშშ დოლარი) ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 12.3%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის 6 თვეში მანქანების იმპორტმა 114 778 ერთეული (1.938 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს საანგარიშო პერიოდში შემოსული ავტომობილების 4.1% ჩინეთზე მოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები