Ferrari Luce-მ მისია შეასრულა — პირველი პარტია 2 თვეში სრულად ამოიყიდა
ხუთშაბათ დილით გამართულ ფინანსურ კონფერენციაზე Ferrari-მ საკმაოდ პოზიტიური და დაპირებებით სავსე სურათი დახატა, რამაც კომპანიას 2026 წლის სრული შემოსავლების პროგნოზი 8.7 მილიარდი დოლარიდან 8.8 მილიარდ დოლარამდე გააზრდევინა. ლეგენდარულმა ავტომწარმოებელმა აღნიშნა, რომ მოთხოვნა მათ ძირითად სუპერქარებზე სტაბილურად მაღალია. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბენედეტო ვინიამ კი დაამატა, რომ ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პერსონალიზაციის სერვისებზე მზარდმა ტრენდმაც.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari
და, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით მთავარ თემას — სრულიად ელექტრონულ Ferrari Luce-ს. სკუდერიაში აცხადებენ, რომ ახალ ელექტრომობილზე 2026 წლისთვის დასახულ გაყიდვების მიზანს უკვე მიაღწიეს, თუმცა კონკრეტული ციფრები შეკვეთების, დეპოზიტებისა თუ გაყიდული ერთეულების შესახებ არ გაუსაჯაროებიათ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს შედეგი სულ რაღაც ორ თვეში დაფიქსირდა. Reuters-ის ცნობით, ამ წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩინეთის ბაზარზე არსებული კოლოსალური მოთხოვნა გახდა.

შეგახსენებთ, რომ 600 000 დოლარზე მეტი ღირებულების Luce თავდაპირველად საზოგადოებამ საკმაოდ ნეგატიურად მიიღო. ელექტრომობილი Ferrari-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა დი მონტეზემოლომაც კი მწვავედ გააკრიტიკა. დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მოდელი სხვადასხვა ფერში და განსხვავებული დისკებით გამოაჩინეს, პირველადი უარყოფითი განწყობები ოდნავ შერბილდა, თუმცა ის მიმების მთავარ სამიზნედ მაინც რჩება .
ავტომობილის გარეგნობას თუ შევაფასებთ, Luce — განსაკუთრებით ნაცრისფერ ფერში, ხუთქიმიან დისკებზე — საკმაოდ დახვეწილ და ფუტურისტულ მოდელად აღიქმება. თუმცა, ინტერიერში ჩაჯდომისას იმის გააზრება, რომ ეს ნამდვილად Ferrari-ია, ცოტა რთულდება.

როგორც არ უნდა იყოს, Luce-ს პირველი პარტია სრულად გაყიდულია, თანაც სწორედ იმ მიზნობრივ სეგმენტზე, რომელზეც კომპანია თავიდანვე აკეთებდა აქცენტს. არის ეს სიურპრიზი? ნამდვილად არა. ნიშნავს ეს იმას, რომ Luce-მ თავისი მისია შეასრულა? ცალსახად — დიახ.
მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ ამ მოდელზე, Luce-ს მთავარი დანიშნულება Ferrari-ს პორტფოლიოს გაფართოება და კოლოსალური შემოსავლის გენერირება იყო. დღეს კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას: მისია შესრულებულია.