42 წლის ტურბოდიზელი Land Cruiser-ი ყველა წინააღმდეგობის დასაძლევადაა შექმნილი
კლასიკური 4x4-ების ნაწილი რესტავრაციის შემდეგ იმდენად იდეალურად გამოიყურება, რომ შესაძლოა მათი გზებზე ხელახლა გაყვანაც კი დანაშაულად ჩათვალოთ. ისეთი ვერსიებიც არსებობს, ტუნერებმა უზარმაზარი ძრავა რომ ჩაუდგეს, თუმცა ამ 1984 წლის Toyota Land Cruiser BJ42-სთვის სულ სხვა მომავალი აირჩიეს.

პროექტზე, სახელწოდებით Project Snow, ამერიკულმა ტუნერმა Legacy Overland-მა იმუშავა. ამისათვის Legacy Overland-ის გუნდის წევრებმა Toyota-ს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ძველი თაობის ყველგანმავალი შეარჩიეს და მის მოდიფიცირებას წარმოუდგენლად დიდი დრო დაუთმეს.
მიზანი Land Cruiser-ის რადიკალურად ცვლილება არ ყოფილა. პირიქით, სპეციალისტებს სურდათ, შეენარჩუნებინათ ის ყველაფერი, რაც ავტომოყვარულებს ამ ძველ, დიზელისძრავიან Land Cruiser-ში მოსწონდათ. თუმცა, ამავდროულად, ის ყველა პრობლემაც უნდა გამოესწორებინათ, რომელთანაც გამკლავება მის მფლობელებს უწევდათ.

Project Snow-ის პროექტზე Legacy Overland-ის სპეციალისტებმა 1 850 სამუშაო საათი დახარჯეს — რაც 46 სრულ სამუშაო კვირაზე მეტია. ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი, Project Snow-ისთვის მხოლოდ რესტავრირებული Land Cruiser-ის დარქმევა ცოტა არ იყოს არასამართლიანი იქნება.
Legacy Overland-ის გუნდმა ავტომობილის პრაქტიკულად ყველა ძირითადი სისტემა დაშალა, შეამოწმა და საჭიროებისამებრ აღადგინა. ძარა, სახურავი, უკანა სათადარიგო საბურავის სამაგრი და ბამპერის დეტალები ღია თეთრ ფერში შეიღება, ხოლო ქვედა ნაწილის სპეციალურად დამუშავება გახდა საჭირო, რათა მკაცრ, ზამთრის კლიმატურ პირობებსაც გაუძლოს.
აღადგინეს დაკიდების სისტემა, ხიდები, დიფერენციალები. მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს სამუხრუჭე სისტემაშიც — Legacy Overland-მა ავტომობილის წინა და უკანა მუხრუჭები დისკურ სისტემაზე გადაიყვანა.

თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ძრავა აღმოჩნდა. Legacy Overland-მა BJ42-ის დიზელის ძრავა სრულად აღადგინა და ტურბოჩარჯერის დასამატებლადაც მოამზადა. რეალურად, იდეა საკმაოდ მარტივად ჟღერდა — სპეციალისტებს მეტი სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი უნდა მიეღოთ და მოდელსაც თანამედროვე გზებზე გადაადგილება გამარტივებოდა.
მაგრამ ეს შესასრულებლად ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე დასაგეგმად. ტურბოს დაყენების შემდეგ მთავარი პრობლემა ზეთის მიწოდებაში იყო, ასევე საწვავი ძრავას არათანაბრად მიეწოდებოდა და აგრეგატის გაგრილებაც რთულად ხდებოდა. ერთი დეფექტის აღმოფხვრით კი ხშირად ახალი პრობლემა ვლინდებოდა. ამის გამო სპეციალისტებს ავტომობილის ხელახლა გამოცდა და რეგულირება არაერთგზის, თავიდან მოუწიათ.

Legacy Overland-ის გუნდმა საწვავის შეფრქვევის სისტემა სრულად აღადგინა, ხოლო ტურბოსთვის ზეთის მიწოდებისა და მიმოცვლის სპეციალური სისტემა შეიქმნა. მართალია, თავად ტუნერს განახლებული მოდელისთვის სიმძლავრის ზუსტი მაჩვენებლები არ გაუმხელია, თუმცა აშკარაა, რომ Project Snow-ის მთავარი მიზანი მაქსიმალური ცხენის ძალების მიღება არ ყოფილა. სპეციალისტებს ისეთი ძრავის შექმნა სურდათ, რომელიც ავტომობილს რთულ რელიეფებზე ემსახურებოდა და დატვირთვასაც გადახურების გარეშე გაუმკლავდებოდა.
ახლა უკვე მძღოლს ძრავის მუშაობის კონტროლში ტაქომეტრი, ბუსტის მაჩვენებელი და გამონაბოლქვი აირების ტემპერატურის საზომი ეხმარება. ახალი მოწყობილობები ერთიან პანელშია ინტეგრირებული, თუმცა ქარხნული დიზაინი, მათ შორის სპიდომეტრიც, კვლავ შენარჩუნებულია.

საერთო ჯამში, BJ42-ის ხასიათი სალონში ნაწილობრივაა შეცვლილი. სავარძლებს Maple-ის ფერის ტყავი გადააკრეს, ხოლო იატაკზე Honey Brown-ის ფერის ხალიჩაა. სალონში ასევე დამონტაჟდა Dynamat-ის ხმის საიზოლაციო სისტემა და სრული თბოიზოლაცია, ეს კი უზრუნველყოფს, რომ მგზავრები ტურბოდიზელის ხმაურმა ზედმეტად არ შეაწუხოს.
საფუძვლიანად განახლდა ელექტროსისტემაც, მათ შორის დამონტაჟდა: კონდიციონერი, გათბობა, USB-C პორტები, ინვერტორი, გაუმჯობესებული დინამიკები და Bluetooth-ის მხარდაჭერით აღჭურვილი RetroSound-ის აუდიოსისტემა. თანამედროვე აღჭურვილობის მიუხედავადაც, ეს მოდელი კვლავ ძველ Land Cruiser-ად დარჩა და თავის ეპოქას იმეორებს.