ფორმულა 1, ასტონ მარტინი, ფინანსური პრობლემები
Aa
Aa

Aston Martin-ს გადარჩენისთვის საკუთარი სახელის ნაწილის გაყიდვა მოუხდა | გარიგების დეტალები

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სპორტული ავტომობილების ბრიტანულმა მწარმოებელმა, Aston Martin-მა ბრენდის კომერციული უფლებების ნაწილზე კონტროლი გაყიდა. გადაწყვეტილებით, რომელმაც ბრიტანული ავტოგიგანტის კრედიტორების მხრიდან კრიტიკა უკვე დაიმსახურა, Aston Martin-ის ბრენდის გამოყენებაზე საკონტროლო პაკეტი მერიკულ ბრენდების მმართველ კომპანიას, Authentic Brands Group-ს, გადაეცა.

შედეგად, მხარეებს შორის მიღწეული გარიგებით, Authentic Brands Group-ი Aston Martin-ის სახელისა და ლოგოს გამოყენების უფლებას ისეთი ტიპის პროდუქტებზე მიიღებს, რომლებიც არასაავტომობილო დანიშნულებისაა — მაგალითად, სუვენირები, ტანისამოსი, აქსესუარები და სხვა ლიცენზირებული პროდუქცია. შეთანხმების პირობებით, საუბარია საკონტროლო პაკეტზე, რომელიც 50.1%-იან წილს უტოლდება. გარიგება 738 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დაფინანსების პაკეტის ნაწილია, რომელსაც საინვესტიციო კომპანია HPS Investment Partners-ი ხელმძღვანელობს.

გარიგების შედეგად, Aston Martin-ის ბრენდის გამოყენების უფლებები ორ ნაწილად დაიყოფა: ავტომობილებთან და Formula 1-თან დაკავშირებულ უფლებებს ბრიტანული კომპანია კვლავ თავად გააკონტროლებს, ხოლო ტანსაცმელზე, აქსესუარებზე, სუვენირებსა და სხვა ლიცენზირებულ პროდუქციაზე ბრენდის გამოყენების უფლება Authentic Brands Group-ის კონტროლქვეშ გადავა.

ფინანსური პაკეტი 450 მილიონი გირვანქა სტერლინგის უზრუნველყოფილ სესხს მოიცავს, დამატებით 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს კი კომპანია მოგვიანებით მიიღებს. სწორედ ამ თანხის მისაღებად იყო ერთ-ერთი ძირითადი პირობა ამერიკული კომპანიისთვის ავტომობილების გარდა სხვა პროდუქციაზე ბრენდის გამოყენების უფლებების საკონტროლო პაკეტის გადაცემა.

ცნობისთვის, Authentic Brands-ის კონტროლქვეშ მსოფლიოში ცნობილი არაერთი ბრენდი შედის, მათ შორისაა: Reebok-ი და Brooks Brothers-ი.

თუმცა, გარიგებამ კომპანიის კრედიტორების მწვავე პროტესტი გამოიწვია. კრედიტორები, რომელთაც Aston Martin-ს დაახლოებით 1.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის დავალიანება აქვს, მიიჩნევენ, რომ კომპანიის ყველაზე ღირებული აქტივების ახალ სტრუქტურაში გადატანით მათი ინტერესები ზარალდება და, შესაძლოა, სესხის ხელშეკრულებების პირობებიც დაირღვეს. ამ მიზეზით, მათ კომპანიის დირექტორთა საბჭოს ოფიციალური სამართლებრივი გაფრთხილება უკვე გაუგზავნეს და არც სასამართლოში ჩივილს გამორიცხავენ.

მათივე პოზიციით, თუ Aston Martin-ი სამომავლოდ გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, სწორედ კომპანიის სახელწოდება და ბრენდი იქნება ის ყველაზე ღირებული აქტივი, რომლის გაყიდვითაც დავალიანებების დაფარვა უნდა მოხდეს. ამიტომაც, კრედიტორები მიიჩნევენ, რომ უფლებების ნაწილის გადაცემა არ უნდა მოხდეს.

ფინანსური რესურსების მოძიება Aston Martin-ს მიმდინარე წელს უკვე სხვა გზითაც მოუწია. რამდენიმე თვის წინ, კომპანიამ Formula 1-ის სახელწოდების გამოყენების უფლებებთან დაკავშირებული გარიგებით 50 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე დაფინანსება უკვე მოიზიდა. ეს უკანასკნელი კომპანიის უმსხვილესი აქციონერისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, ლორენს სტროლის, მხარდაჭერით განხორციელდა.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში Aston Martin-ს არაერთ ფინანსურ გამოწვევასთან, მათ შორის კი, გაყიდვების კლების ფონზე, განვითარებისთვის საჭირო მაღალ ხარჯებთან უწევს გამკლავება. ამის გამო, კომპანია კაპიტალის მოზიდვის სხვადასხვა გზას აქტიურად იყენებს და თუ რომელი გაამართლებს, ამას დრო გვაჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები