Tesla-ს რიგით თანამშრომელს მასკის ანაზღაურების მისაღებად 2.5 მილიონი წელი დასჭირდება
არავისთვის სიახლე არ უნდა იყოს, რომ კომპანიის თანამშრომლებისა და მისი ხელმძღვანელის ანაზღაურებებს შორის სხვაობა მასშტაბურია, თუმცა იმას, რაც Tesla-ში ხდება, უფრო მეტად სიტყვა — „ასტრონომიული“ შეეფერება.
AFL-CIO-ს 2025 წლის მონაცემებით, ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელში აღმასრულებელი დირექტორისა და ერთი რიგითი თანამშრომლის ანაზღაურებებს შორის თანაფარდობა ასე გამოიყურება — 2,522,203:1. ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა კომპანიის თანამშრომლის $57 243-ის ოდენობის მედიანურ ანაზღაურებას ეფუძნება.
ასევე იხილეთ: რა მანქანებს ფლობდნენ ცნობილი ადამიანები გამდიდრებამდე?
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Tesla-ს რიგით თანამშრომელს 2.5 მილიონ წელზე მეტი დასჭირდება იმისთვის, რომ იმდენივე გამოიმუშაოს, რამდენიც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა 2025 წელს მიიღო. AFL-CIO-ს მიერ შედგენილ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელების რეიტინგში, არ გაგიკვირდებათ და, მასკი პირველ ადგილზეა წარმოდგენილი, ხოლო მისი კომპენსაცია $158 მილიარდს აღემატება.

სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა Tesla-ს CEO-ს სხვა კომპანიებთან შედარების დროს. მაგალითად, Liberty Broadband-ის შემთხვევაში, CEO-სა და თანამშრომლის ანაზღაურების თანაფარდობა 7,623,352:1-ს შეადგენს, თუმცა აქ კომპანიის თანამშრომლის მედიანური ანაზღაურება სულ რაღაც $33-ია, რის გამოც ეს მაჩვენებლები შედარებისთვის ნაკლებად გამოგვადგება. მაგრამ, მაგალითად, Opendoor Technologies-ის შემთხვევაში, თანამშრომლის მედიანური ანაზღაურება $98 000-მდეა, ხოლო CEO-სა და თანამშრომლის ანაზღაურების თანაფარდობა 7,581:1-ია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვაობაც საკმაოდ დიდია, Tesla-ს მაჩვენებელი მას მაინც 330-ჯერ აღემატება.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ რამდენს გამოიმუშავებს? | ავტოინდუსტრიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელები

თუმცა მასკის ანაზღაურებაზე საუბრისას აუცილებელია, რომ ერთი დეტალი ვახსენოთ. $158.36-მილიარდიანი კომპენსაცია იმას არ ნიშნავს, რომ Tesla-ს CEO-ს ეს თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე გადაერიცხა. თანხა ძირითადად კომპანიის ფინანსურ შედეგებზე მიბმულ, აქციებზე დაფუძნებულ კომპენსაციის პაკეტს წარმოადგენს. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცით — ილონის კომპენსაცია კიდევ უფრო გაიზრდება, თუ Tesla-ს აქციონერების მიერ მხარდაჭერილი $1-ტრილიონიანი გეგმა შესრულდება.