რეაბილიტაცია, თბილისი, თბილისის მერია, კახა კალაძე
Aa
Aa

რა ვიცით აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ?

აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბრამდე გაგრძელდება. როგორც ცნობილია, იგეგმება თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია.

აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღევანდელ სხდომაზე შეეხო დედაქალაქის მერი. იმავე სხდომაზე კალაძემ ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ამჯერად, ვგეგმავთ აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაციას - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. მოეწყობა ველობილიკი. ასევე, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED ლამპიონები. მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ: აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ცნობისთვის, სატენდერო განცხადების თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადა, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 30 კალენდარული დღეა.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა, რისთვისაც საჭიროა, სამუშაოები ჩატარდეს ეტაპობრივად — ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი — პირიქით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები