McLaren Senna-ს ავზის სრულად ავსება არც ისე იაფი ჯდება | და ბენზინი მხოლოდ 200 კმ-ს გეყოფათ
ალბათ რთულად მოიძებნება ავტომოყვარული, რომლის საოცნებო მანქანების სიაში McLaren Senna არ შედის. თუმცა, მსგავსი სუპერქარის ფლობას რომ შესაბამისი შენახვაც სჭირდება, ესეც სიახლე არავისთვის უნდა იყოს. დაწყებული სერვისით, დასრულებული საწვავის ხარჯით, რაც არცთუ ისე იაფია. ამ საკითხთან მიმართებით, McLaren Senna-ს ერთ-ერთმა მფლობელმა პატარა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და სუპერქარის საწვავის სრულად შესავსებად ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურს ეწვია.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ერთმა კაცმა იდეალური მანქანა?
მფლობელი სადგურზე მაშინ მივიდა, როდესაც ავზში სულ რაღაც 16 კილომეტრის გასავლელად საკმარისი ბენზინი იყო დარჩენილი. შედეგი კი არცთუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა. McLaren Senna-ს საწვავის ავზის სრულად ავსება (ავზში 51 ლიტრი საწვავი ჩაისხა) $107 დაუჯდა. თუმცა, უფრო საინტერესო ამ შემთხვევაში ისაა, რომ ამ მოცულობის საწვავი სუპერქარს მხოლოდ 209 კილომეტრზე თუ ეყოფა.

მაგრამ რა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც საუბარი 4-ლიტრიანი V8-ძრავიან მონსტრზე გვაქვს, რომელიც 789 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. McLaren Senna ეკონომიურ ავტომობილად არც არავის შეუქმნია. ის „ფორმულა 1“-ის ლეგენდის, აირტონ სენას, სახელს ატარებს და სრულად წარმადობაზე ორიენტირებული ჰიპერქარია. მოდელი მაქსიმალურ სიჩქარეს 335 კმ/სთ-ზე აღწევს.
Senna-ს ღირებულებაც მისი დანიშნულებისა და შესაძლებლების შესაბამისია. გამოშვების დროისთვის ფასი დაახლოებით $1 მილიონიდან $1.2 მილიონის ფარგლებში იყო, ხოლო კომპლექტაციის მიხედვით, ფასი დღეს შესაძლოა კიდევ უფრო მაღალიც იყოს.

ამ ფონზეც, საწვავის ხარჯი შესაძლოა უმნიშვნელო პრობლემად ჩანდეს — რადგან, თუ ამ ფულის გადახდის საშუალება გაქვს, მაშინ არც ბენზინის ფასზე „დაიწყებ წუწუნს“. თუმცა, ერთი რამ ფაქტია: თუ McLaren Senna-ს საჭესთან 335 კმ/სთ-მდე აჩქარებას გადაწყვეტთ, რუკაზე შემდეგი ბენზინგასამართი სადგურის ადგილმდებარეობის მონიშვნაც არ დაგავიწყდეთ.