აუქციონი, კოლინ მაკრეი, ფორდ ფოკუსი
Aa
Aa

კოლინ მაკრეის Ford Focus WRC ახალი რეკორდისთვის ემზადება

2000 წელს Ford-ის რალის გუნდში ერთდროულად ორი მსოფლიო ჩემპიონი ასპარეზობდა. ერთი კოლინ მაკრეი იყო, მეორეც — კარლოს საინსი უფროსი. მაკრეი Ford-ის გუნდში ლეგენდარული Ford Focus WRC-ით ასპარეზობდა, რომლის ერთ-ერთი ეგზემპლარი ახლა გასაყიდადაა გამოტანილი და აუქციონზე მისი შეფასება შესაძლოა 1 მილიონ ევროსაც გადასცდეს.

ასევე დაგაინტერესებთ: რალის სუპერვარსკვლავის კოლინ მაკრეის ისტორია 

ეს კონკრეტული ავტომობილი 2000 წლის სეზონში ზედიზედ ხუთ რბოლაში გამოჩნდა, რომელთაგანაც სამში მაკრეიმ პოდიუმზე ასვლა შეძლო. შედეგად, ის რალის შოტლანდიელი ვარსკვლავის მიერ მართულ Ford Focus WRC-ებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ეგზემპლარად მიიჩნევა.

2000 წლის სეზონში ესპანელი კარლოს საინსი უკვე ორგზის ჩემპიონი იყო, 1990 წელსა და 1992 წლებში მოპოვებული ტიტულების წყალობით. იმავე სეზონში მან კვიპროსის რალიც მოიგო, ხოლო ჩემპიონატი მესამე ადგილით დაასრულა. პარალელურად, მაკრეიმ სეზონში ორი გამარჯვება მიითვალა — კატალონიისა და აკროპოლისის რალიზე — და საერთო ჩათვლაში მეოთხე პოზიცია დაისაკუთრა. ჩემპიონი მარკუს გრონჰოლმი გახდა, მეორე ადგილი კი რიჩარდ ბერნსმა დაიკავა. სწორედ ამ პერიოდის ავტომობილი გახდება უახლოეს მომავალში კოლექციონერისთვის ხელმისაწვდომი.

მაკრეის Focus-ის ისტორია

ამ Focus-ის ისტორია არც რბოლებიდან ჩამოწერის შემდეგ დასრულებულა. Ford-ის ლეგენდარულმა მოდელმა 2010 წელს ევროპის ნახევარი გაიარა და სწორედ ასე აღმოჩნდა შვედეთში. აქ კი Bilam AB მას რამდენიმე წლის განმავლობაში შვედეთის ჩემპიონატში ასპარეზობისთვის იყენებდა. ამის შემდგომ უკვე ავტომობილი კოლექციონერ ტომი ანდერსონის საკუთრებაში გადავიდა და მის ცნობილ Focus WRC-ების კოლექციასაც შეუერთდა.

თუმცა ანდერსონის გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა ავტომობილების გაყიდვა გადაწყვიტა. მსოფლიოში Focus WRC-ების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი კოლექცია კი Invelt Rallyed and Raced Collection-ის შემადგენლობაში აღმოჩნდა. კოლექციის უნიკალურობასა და მასშტაბებზე კი ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მასში Ford-ის მიერ ქარხნულად მომზადებული ყველა Focus WRC-ის დაახლოებით 10%-ია თავმოყრილი.

თუმცა აქ მოხვედრამდე, ანდერსონის სახელოსნომ ავტომობილის რესტავრაციაზეც იზრუნა. შედეგად, ეს Focus WRC დღეს ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 2000 წლის სეზონის მოსამზადებელ პერიოდში. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში ახალ მფლობელს მისი გამოყენება სხვადასხვა ღონისძიებაზე, თუნდაც Goodwood-ზეც კი, შეეძლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ავტომობილს კვლავ აქვს შენარჩუნებული ის ძრავა, რომლითაც მაკრეი 2000 წელს პოდიუმისთვის იბრძოდა.

რა თქმა უნდა, მსგავსი ისტორიისა და ტიტულების მქონე ავტომობილი დაბალ ფასად არ შეფასდება. თუმცა კომპანია ამ ეტაპზე გაყიდვის ფასს არ ასაჯაროებს. ცნობისთვის, 2025 წლის ოქტომბერში Iconic Auctioneers-მა 2000 წლის სეზონის კიდევ ერთი Ford Focus WRC გაყიდა, რომელსაც კარლოს საინსი და კოლინ მაკრეი მართავდნენ. ავტომობილის საბოლოო ფასმა 459 000 ევროს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები