საქართველო, გზების მშენებლობა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმი–სარფის მაგისტრალი
Aa
Aa

ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობა იწყება

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის — ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვკითხულობთ. ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, China Railway Tunnel Group Co. Ltd-ს (CRTG), შორის გაფორმდა.

ცნობისთვის, ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს. ახალი მაგისტრალით არსებული გზა ასფალტ-ბეტონის 11.3 კილომეტრის სიგრძის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზით ჩანაცვლდება. 11-კილომეტრიანი პროექტი მოიცავს 7.6 კმ სიგრძის გვირაბს, 1.47 კმ სიგრძის ხიდს, ორ კვანძს, სანაპირო და მდინარის დამცავ ნაგებობებს, შემაკავებელ ნაგებობებს და ა.შ. გზაზე დასაშვებ სიჩქარედ ამ ეტაპზე 90 კმ/სთ-ია განსაზღვრული.

ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს უშუალოდ დაუკავშირდება. 7.6 კმ სიგრძის ბათუმი–სარფის გვირაბი, ქვეშეთი–კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის შემდეგ, საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება. პროექტის ღირებულება 809 მილიონს აჭარბებს, სამშენებლო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, 48 თვე გაგრძელდება.

„ახალი გზის დასრულების შემდეგ საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ მაგისტრალზე გადაერთვება. შედეგად, მნიშვნელოვნად განიტვირთება არსებული გზა და საკურორტო ზონა, გაიზრდება მოძრაობის უსაფრთხოება და გაუმჯობესდება გადაადგილების პირობები“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილია, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია. დაფინანსება ბათუმიდან სარფამდე მიმავალი ახალი, კლიმატგამძლე გზის მშენებლობას უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი, საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ბოლო მნიშვნელოვანი მონაკვეთია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმი–სარფის მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ–დასავლეთის E60–E70 ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარების ერთიანი პროცესის ნაწილია. მაგისტრალის 428.35 კმ-დან დღეისათვის უკვე გახსნილია 324.75 კილომეტრი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები