კვლევის თანახმად, ახალი მანქანების პრობლემების 25% მულტიმედიის სისტემებს უკავშირდება
თუ ახალი ავტომობილების გიგანტური ეკრანებისა და რთული პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილი, კვლევები თქვენს ეჭვებს ოფიციალურად ადასტურებს. J.D. Power-ის ახალი კვლევის თანახმად, თანამედროვე ავტომობილების გაუმართაობისა და პრობლემების 25% სწორედ მულტიმედიის სისტემებზე მოდის.
ეს არის ავტომობილის ერთადერთი კატეგორია, რომლის ხარისხიც წლიდან წლამდე უარესდება, მაშინ როდესაც მექანიკური თუ აგრეგატული ნაწილების სანდოობა იზრდება. J.D. Power-ის 2026 წლის მულტიმედიის ხარისხის კვლევა 78 514 ახალი ავტომობილის მფლობელის გამოკითხვას ეფუძნება.

შედეგების თანახმად, ყოველ 100 ავტომობილზე მულტიმედიასთან დაკავშირებული საშუალოდ 42.4 პრობლემა მოდის და მომხმარებელთა ყველაზე ხშირ 5 საჩივარს შორის ხუთივე სწორედ ეკრანებსა და პროგრამულ ხარვეზებს ეხება.
რატომ არის სენსორული ეკრანები პრობლემური?
როდესაც მარტივი კლიმატ-კონტროლის ან რადიოს ჩასართავად ეკრანზე მენიუების ფურცვლაა საჭირო, მძღოლის ყურადღება გზიდან მონიტორისკენ ინაცვლებს. ზოგიერთ ახალ მოდელში სისტემა თავადვე აფრთხილებს მძღოლს ყურადღების გაფანტვაზე, სანამ ის ეკრანზე ელემენტარულ ფუნქციებს ეძებს.

მეორე პრობლემა ზედმეტი და არასაჭირო ანიმაციებია — მაგალითად, Toyota-ს ზოგიერთ ახალ მოდელში მართვის რეჟიმის შეცვლისას მაჩვენებელთა დაფაზე 7-წამიანი ანიმაცია ირთვება, რაც მძღოლს საჭირო ინფორმაციის სწრაფად დანახვაში უშლის ხელს.
და რატომ იყენებენ ავტომწარმოებლები სენსორულ ეკრანებს? იმიტომ, რომ მათი წარმოება და აწყობა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ხარისხიანი მექანიკური ღილაკებისა და ფიზიკური რეგულატორების. შესაბამისად, ავტომწარმოებლები ცდილობენ, ავტომობილი ბორბლებიან სმარტფონად აქციონ, თუმცა რეალურად იღებენ სისტემებს, რომლებიც ხშირად იჭედება, ართულებს მარტივ მოქმედებებს და აუარესებს ავტომობილის საერთო ხარისხს. პარალელურად კი, მძღოლების დიდი ნაწილი მარტივ, ფიზიკურ ღილაკებსა და სანდო მექანიკას კვლავ უშედეგოდ ითხოვს.