უსაფრთხოების ტესტი, უსაფრთხოება, ჰონდა, ფია
Aa
Aa

Honda პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც FIA-სგან უსაფრთხოების 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) იაპონურ Honda-ს საგზაო უსაფრთხოების ინდექსის „პროდუქტებისა და სერვისების“ კატეგორიაში უმაღლესი, 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ Honda პირველი ავტომწარმოებელია, რომლის საგზაო უსაფრთხოებით განხორციელებულმა საქმიანობამ მსგავსი შეფასება მიიღო.

ცნობისთვის, FIA-ს უსაფრთხოების შეფასების სისტემა ცოტა ხნის წინ გაფართოვდა. კერძოდ, 3-ვარსკვლავიანი ჩარჩო ხუთ ვარსკვლავამდე გაიზარდა. Honda კი, როგორც გითხარით, პირველი კომპანია გახდა, რომელმაც განახლებული და, თან, გამკაცრებული კრიტერიუმების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

Honda-ს დამსახურებული ჯილდო მონცაზე, იტალიის გრან-პრის კვირეულის ფარგლებში გადაეცა. თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს შეფასება Honda-ს კონკრეტული მოდელის ავარიის ტესტის შედეგებს არ წარმოადგენს. რეიტინგი უფრო მეტად უსაფრთხოების მართვის სისტემებს, პოლიტიკასა და პროცესებს აფასებს.

რას ნიშნავს FIA-ს 5-ვარსკვლავიანი შეფასება?

FIA Road Safety Index-ი კომპანიებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასონ, მართონ და წარმოაჩინონ თავიანთი გავლენა საგზაო უსაფრთხოებაზე. ამის გათვალისწინებით, სისტემა მეტად კორპორაციულ მართვასა და უსაფრთხოების მიმართულების აუდიტს წააგავს, ვიდრე ავტომობილების ავარიის ტესტს. შესაბამისად, ის გარკვეულწილად განსხვავდება ისეთი ორგანიზაციების შეფასებებისგან, როგორებიცაა აშშ-ის NHTSA ან IIHS.

5-ვარსკვლავიანი რეიტინგის მისაღებად Honda-ს სამი ახალი მოდულის მოთხოვნების შესრულება მოუწია, ესენია: უსაფრთხოების დაგეგმარება; უსაფრთხოების მაჩვენებლების მონიტორინგი; უსაფრთხოების მართვა, როგორიცაა, მათ შორის, მიწოდების ჯაჭვის კონტროლი, ასევე პროდუქტებისა და სერვისების.

Honda-მ სამივე კატეგორია წარმატებით შეასრულა და ამ ეტაპზე პირველი კომპანიაა, რომელმაც FIA-ს ახლად შემუშავებული და გამკაცრებული სტანდარტის უმაღლესი შეფასება მიიღო. ასევე, აუდიტორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ Honda-ს უსაფრთხოების მიმართულებით სამომავლო პროგრესის მონიტორინგის მკაფიო გეგმებიც აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები