ირანში ახალი მანქანის ფასი $4 300-დან იწყება | თუმცა მოსახლეობას მისი ყიდვაც კი უჭირს
ირანის საავტომობილო ბაზარი მსოფლიოში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია და ამაზე წარსულშიც არაერთხელ დაგვიწერია. ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ახალი ავტომობილების ნაწილი რამდენიმე ათას აშშ დოლარად იყიდება, თუმცა სახელმწიფო ლატარიაში გამარჯვების გარეშე მათი შეძენა ფაქტობრივად შეუძლებელია. პარალელურად კი, იმპორტირებული ავტომობილების ფასები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია.
ირანს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ავტოინდუსტრია აქვს. ქვეყნის მთავარ მწარმოებლებს შორის არიან Iran Khodro, Saipa, Pars Khodro, Modiran Vehicle Manufacturing-ი, Bahman Motor-ი და Kerman Motor-ი. ასევე, ირანში ოპერირებს Zamyad-ი, რომელიც Saipa-ს შვილობილი კომპანიაა და 1970-იანი წლების Nissan Junior-ის ლიცენზირებულ ვერსიასაც აწარმოებს. Farda Motors-ი კი ჩინური ავტომობილების ლიცენზირებულ წარმოებაზეა ორიენტირებული.

Mordor Intelligence-ის ცნობით, ირანის ავტობაზრის მოცულობა 2026 წელს $45.38 მილიარდს აღწევდა, ხოლო 2031 წლისთვის, სავარაუდოდ, $70 მილიარდს გადააჭარბებს. ქვეყანაში გარკვეული რაოდენობის იმპორტირებული ავტომობილებიცაა ხელმისაწვდომი, მაგალითად, Toyota-სა და ჩინური მწარმოებლების მოდელები. თუმცა მათი შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება, რადგან იმპორტზე დაწესებული გადასახადებისა და დღგ-ის გამო, ზოგჯერ საბოლოო ფასი საწყისზე 200%-ითაც კი იზრდება.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი, ირანში ბევრისთვის ავტომობილის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

მაგალითად, Al Jazeera-ს შეფასებით, ერთი საშუალო შემოსავლის მქონე პირი, რომელიც ძველ მექანიკურ Peugeot 206-ს ფლობს, მის გაყიდვას დაახლოებით $4 350-ად შეძლებს. თუმცა Peugeot 207-ზე (ავტომატიკაზე) გადასვლა დაახლოებით $12 170 დაუჯდება. საკუთარი ავტომობილის გაყიდვის შემდეგ კი, ამ სხვაობის დასაფარად, დაახლოებით 20 თვის ხელფასის სრულად დახარჯვა მოუწევდა. თუმცა საბოლოოდ, მხოლოდ ამ ძველი Peugeot-ის შედარებით ახალი ვერსია ექნებოდა.
ირანში არც სხვა ავტომობილების ფასია დაბალი. მაგალითად, შიდა წარმოების Shahin-ის სედანი $13 480-ზე მეტი ღირს, ხოლო კროსოვერი Reera — $18 700-ზე მეტი. განსაკუთრებით თვალშისაცემი კი Toyota Land Cruiser VXR-ის ფასია. ირანში 2026 წლის მოდელი დაახლოებით $287 000 ღირს, მაშინ როდესაც იგივე ავტომობილის ფასი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაახლოებით $86 000-ია.

თეორიაში კი, ირანში ერთ-ერთი ხელმისაწვდომი ახალი ავტომობილის, Saipa Quick S-ის შეძენა დაახლოებით $4 300-ადაა შესაძლებელი. თუმცა, როგორც გითხარით, ამისთვის პოტენციურმა მყიდველმა ავტომობილების სახელმწიფო ლატარიაში უნდა გაიმარჯვოს. Saipa-ს ეს მოდელი 87 ცხენის ძალის მქონე კომპაქტური ავტომობილია, რომელიც ძველი Kia Pride-ის პლატფორმაზეა დაფუძნებული. მისი დაბალი ფასის გათვალისწინებით კი, ქვეყანაში ავტომობილების განაწილების განსხვავებული სისტემაც იქმნება.
ირანში ავტომობილებს ორი განსხვავებული ფასით შეხვდებით — ერთი არის ე.წ. „ქარხნული ლატარიის ფასი“ და მეორე — ღია ბაზრის ღირებულება. სახელმწიფო ქარხნულ ფასებს საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ დონეზე ადგენს, ამის გამო კი მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აღემატება. შედეგად კი, ავტომობილების შეძენა სპეციალური სახელმწიფო ლატარიის საშუალებით ხდება — მოქალაქეები ონლაინ გადიან რეგისტრაციას და გამარჯვების შემთხვევაში ავტომობილის დაბალ, შეთავაზებულ ფასად შეძენა შეუძლიათ. ამის შემდგომ კი, ავტომობილის ღია ბაზარზე უფრო მაღალ ფასად, ფასნამატით გაყიდვა შეუძლიათ.

შედეგად ვიღებთ სისტემას, სადაც მაღალი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, ავტომობილის შეძენა ბევრისთვის ინვესტიციად იქცა. მოქალაქეები ავტომობილებს ფულის გაუფასურებისგან თავის დასაცავად იყენებენ, ისევე როგორც ოქროს ან უცხოურ ვალუტას.