სუპერქარი, ხანძარი, ნიურბურგრინგი, მერსედესი, ეიემჯი, ეიემჯი ჯითი
Aa
Aa

ნიურბურგრინგის სატესტო წრეზე AMG GT Black Series-ს ცეცხლი წაეკიდა

ახალი მოდელების პროტოტიპებს ინჟინრები ხშირად ექსტრემალურ პირობებში ტესტავენ, რათა შესაძლო ხარვეზები აღმოაჩინონ და სერიული მოდელის მართვადობა სრულყოფილებამდე მიიყვანონ. რა თქმა უნდა, ამ პროცესს თან სერიოზული რისკებიც ახლავს, რაც ნიურბურგრინგის ტრასასზე AMG GT Black Series-ის პროტოტიპის ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ასევე იხილეთ:  AMG-ის 7 გიჟური მოდელი, რომელიც ამ სამყაროდან არ არის 

სუპერქარის უახლესი პროტოტიპი საზოგადოებრივ გზებზე შეფუთული შენიშნეს, სადაც მისი გვერდითა გამონაბოლქვის მილებიდან ცეცხლის ალი გამოდიოდა. ხანძარი, რომელიც სავარაუდოდ მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა გადახურებამ გამოიწვია, სწრაფად გავრცელდა ძარის ქვედა ნაწილსა და მგზავრის მხარეს. საბედნიეროდ, გუნდის წევრების მიერ ცეცხლის ოპერატიულად ჩაქრობის შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან უვნებელი გადმოვიდა.

პაპარაცული ფოტოების ავტორების ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც AMG GT Black Series-მა ტრასაზე პირველი სწრაფი წრე დაასრულა. ტრასაზევე გაჩერების ნაცვლად, მძღოლმა დაახლოებით 2.5 კილომეტრი იარა ადგილობრივი სატესტო ცენტრის შესასვლელისკენ — სავარაუდოდ, მას ხანძრის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. იმ დროისთვის, როდესაც ავტომობილი ჭიშკართან მივიდა, მარჯვენა მხრიდან, სადაც საწვავის ავზია განთავსებული, უკვე ცეცხლის ენები გამოდიოდა.

იმისათვის, რომ თვითმხილველებსა და ფოტოგრაფებს ინციდენტი არ დაეფიქსირებინათ, AMG-ის პერსონალი შეეცადა პროტოტიპი სხვა სერიული და სატესტო ავტომობილებით დაეფარა, მათ შორის GLA Electric-ის AMG ვერსიითა და მძლავრი AMG SUV-ით. დაზიანებული სუპერქარი მოგვიანებით ობიექტის შიგნით Mercedes-Benz G-Class-ის დახმარებით შეიყვანეს.

ვინაიდან მოდელი შესაკეთებლად აფალტერბახში დააბრუნეს, AMG GT Black Series-ის ტესტირება დროებით შეჩერდა. იმედია, ეს ინციდენტი არ იმოქმედებს ავტომობილის პრეზენტაციის თარიღზე, რომელიც 2027 წლის დასაწყისშია დაგეგმილი. AMG GT ხაზის ეს ფლაგმანი GT3-ის სპეციფიკაციის სარბოლო ვერსიასთან ერთად მუშავდება. ჭორების თანახმად, ავტომობილი მიიღებს Twin-Turbo V8 ძრავს, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოშვებულ CLE 646 Spezialanfertigung კუპესთან იქნება გაზიარებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები