ბრიტანული კვლევის მიხედვით, მაღალი გარბენის მქონე ელექტრომობილი უფრო სანდოა, ვიდრე შიგაწვისძრავიანი მანქანა
ახალმა ბრიტანულმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდი გარბენის მქონე ელექტრომობილები უფრო საიმედოა, ვიდრე მათი შიგაწვის ძრავით აღჭურვილი ანალოგები. თუ ვენდობით, ეს მონაცემები სრულად ამსხვრევს გავრცელებულ მითს იმის შესახებ, რომ დიდი გარბენის მქონე ელექტრომობილის ყიდვა გაცვეთილი დეტალებისა და ხარვეზების გამო რისკიანია.
თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი „მაგრამ“: კვლევა დიდ ბრიტანეთში სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მონაცემებს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის მასშტაბი შთამბეჭდავია — ანალიზი 47.4 მილიონ ტექდათვალიერებას ეყრდნობა — აუცილებელია გავითვალისწინოთ, რას ამოწმებს ეს ტესტი და რას ტოვებს ყურადღების მიღმა.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
MOT დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით დადგენილი ყოველწლიური ტესტირებაა 3 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილებისთვის, რომელიც უსაფრთხოებისა და ემისიების მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს. მაგრამ MOT არ ამოწმებს ელექტრომობილის ბატარეის დარჩენილ ტევადობას ან დამუხტვის ეფექტურობას. ისევე, როგორც შიგაწვისძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში, ის არ ზომავს ძრავის რესურსს ან გადაცემათა კოლოფის მდგომარეობას.
მიუხედავად იმისა, რომ ტექდათვალიერება სრულ სურათს არ გვაძლევს, კვლევას მაინც დიდი ღირებულება აქვს და მიანიშნებს, რომ მეორადი ავტომობილების ბაზარზე დიდი გარბენის მქონე ელექტრომობილების გვერდის ავლა ნამდვილად არ ღირს. კვლევა ჩაატარა სატრანსპორტო საკონსულტაციო კომპანია New AutoMotive-მა, ბრიტანეთის ავტომობილების იჯარისა და ლიზინგის ასოციაციის (BVRLA) დაკვეთით, და მასში 3-დან 8 წლამდე ასაკის ავტომობილები შეფასდა.

145000 – 193000 კმ გარბენის მქონე ელექტრომობილების მხოლოდ 16.5%-მა ვერ გაიარა ტექდათვალიერება. შიგაწვის ძრავიან ავტომობილებში ეს მაჩვენებელი 22.1% იყო. 193000 კმ-ზე მეტი გარბენის შემთხვევაში სხვაობა კიდევ უფრო იზრდება. ელექტრომობილების ხარვეზების მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა — 16%, მაშინ როდესაც ბენზინისა და დიზელის ავტომობილებში ჩაჭრის მაჩვენებელმა 23.5%-ს მიაღწია.
დაბალი გარბენის პირობებში სხვაობა მინიმალურია: ელექტრომობილების ჩაჭრის მაჩვენებელი 12% იყო, ხოლო შიგაწვის ძრავიანი მოდელების — 11.7%. მხოლოდ ტექდათვალიერების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი გარბენის ელექტრომობილი უფრო საიმედო ჩანს. თუმცა, ვინაიდან MOT ელემენტის მდგომარეობას არ ამოწმებს, ელექტრომობილის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი ამ სტატისტიკის მიღმა დარჩა. ტექდათვალიერება აფასებს საბურავებს, საჭის მექანიზმს, საკიდარს, მუხრუჭებს, განათებასა და ძარის სტრუქტურულ მდგომარეობას.

კვლევამ ასევე გამოავლინა ელექტრომობილების სუსტი მხარეებიც — ელექტრომობილებში საბურავების დეფექტები თითქმის ორჯერ უფრო ხშირად დაფიქსირდა, ვიდრე შიგაწვისძრავიან ავტომობილებში (მაღალი წონისა და მომენტალური მაბრუნი მომენტის გამო). დაბალი გარბენის ელექტრომობილებში ხშირად ფიქსირდებოდა მუხრუჭების პრობლემაც. ეს გამოწვეულია რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემით — ვინაიდან მძღოლები იშვიათად იყენებენ ტრადიციულ ხახუნის მუხრუჭებს, სამუხრუჭე დისკები და ხუნდები კოროზიისა და ჟანგისგან უფრო სწრაფად ფუჭდება.

ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, ვინ შეუკვეთა კვლევა. BVRLA წარმოადგენს 1000-ზე მეტ კომპანიას ბრიტანეთის იჯარის, ლიზინგისა და ავტოპარკების მართვის სექტორში. ამ კომპანიების ინტერესში შედის დიდი გარბენის მქონე ელექტრომობილების მეორად ბაზარზე წარმატებული რეალიზაცია...