ფერარი, პინინფარინა, ხელოვნება
Aa
Aa

Ferrari ლამაზ მოდელებს ვეღარ ქმნის, ამიტომ ძველი მოდელების ნაწილებს ჩარჩოში სვამს და ყიდის

ზუსტად სამი წლის წინ Ferrari-მ თავისი სპეციალური განყოფილების, Tailor Made-ის მიერ შექმნილი უნიკალური, ერთადერთი 812 Competizione წარმოადგინა. ავტომობილს შავი, ხელით დახატული შტრიხები ამშვენებდა, რომლებიც დიზაინერის მიერ მარკერით გაკეთებულ პირველად ჩანახატებს, ისრებსა და შენიშვნებს იმიტირებდა. სწორედ ამ ავტომობილის შთაგონებით, იტალიურმა ბრენდმა ახალი კოლექცია წარადგინა, სახელწოდებით Sketch Body — იდეალური აქსესუარი Ferrari-ს მფლობელებისთვის, ვისაც სურს თავის ოფისსა თუ მისაღებ ოთახში იტალიური დიზაინის თემატიკა გამოკვეთოს.

ასევე იხილეთ: რა არის Ferrari-ის შავი სია და ვინ არიან მასში?

Ferrari-ს Sketch Body კოლექციის თითოეული ექსპონატი კონკრეტული მოდელის ძარის დიდი პანელია, რომელიც ხელით არის მოხატული და ესკიზის სტილშია შესრულებული. პირველად ვერსიებში წარმოდგენილია 12Cilindri-ს, 812 Competizione-სა და Purosangue-ს წინა კაპოტი, ასევე ახალი F80-ის ძრავის ხუფი და ექსკლუზიური Daytona SP3-ის უკანა კაპოტი. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამომავლოდ ხელმისაწვდომი იქნება Ferrari-ს სხვა მოდელების ნაწილებიც.

სად გაქრა Ferrari-ს სილამაზე? ათწლეულების განმავლობაში Ferrari უდავოდ ულამაზეს ავტომობილებს ქმნიდა, თუმცა ბოლო პერიოდში ბევრი აკრიტიკებს მისი ბოლო თაობის მოდელების დიზაინს — განსაკუთრებით ისეთ ავტომობილებს, როგორებიცაა 849 Testarossa და F80. წარსულს ჩაბარდა Pininfarina-ს მიერ შექმნილი იტალიური სუპერქარების ნაზი, ელეგანტური ფორმები და ადგილი დაუთმო უფრო ბასრ, აგრესიულ და „უხეშ“ პანელებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აგრესიულად გამოიყურება, ხელოვნების გალერეაში გამოსაფენად ნაკლებად გამოდგება.


იტალიური ავტომწარმოებლის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ბრენდის ავტომობილების მფლობელები ამ ექსპონატებს დიდი ენთუზიაზმით შეიძენენ. შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს ის, რომ Ferrari-ს იმ ფანებს, რომელთაც თავად ავტომობილის ყიდვის ფინანსები არ აქვთ, ამ ექსპონატების შეძენის შესაძლებლობა მიეცეთ. ბოლოს და ბოლოს, სახლში Ferrari-ს ძარის ნაწილის ქონა არაფერს მაინც სჯობს, არა?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები