Toyota-მ Top Gear-ის ლეგენდარული ტესტი ახალი Hilux-ით გაამეორა
Toyota UK-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც Top Gear-ის 2003 წლის ცნობილი ექსპერიმენტი გაამეორა და ახალ, სრულად ელექტრო Hilux BEV-ს თავზე ამოყირავებული კემპერი დაახეთქა. ელექტრო პიკაპს სახურავი ჩაეჭყლიტა, თუმცა სალონის სტრუქტურამ ფორმა შეინარჩუნა და უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ ავტომობილმა გზა ჩვეულებრივად გააგრძელა.
თუმცა, Toyota-ს ტესტი ამით დასრულდა — მხოლოდ ერთი კემპერის დაცემა ჯერ კიდევ შორს არის იმ ექსტრემალური გამოცდისგან, რომელმაც თავის დროზე ორიგინალ Hilux-ს „დაუნგრეველის“ რეპუტაცია მოუტანა.
2003 წელს Top Gear-მა ორსერიიანი ტესტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ჯერემი კლარკსონმა 1988 წლის Hilux-ი დაახლოებით 2450 დოლარად შეიძინა. გეგმა მარტივი იყო: პიკაპის „დაჩაგვრა“ მანამ, სანამ მუშაობას არ შეწყვეტდა. ამ სიუჟეტმა Hilux-ის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. ჯერემიმ მანქანით კიბეები ჩაიარა, შენობების კედლებს გაუსვ-გამოუსვა და სოფელ სომერსეტში ხესაც შეეჯახა. ამის შემდეგ Hilux-ი ზღვაში, წყალქვეშ იყო ჩაძირული, დაეჯახა ხის ფანჩატურს და თავზე კემპერი დაეცა. პირველი ნაწილის ბოლოს კლარქსონმა მას მძიმე სადემონტაჟო ბურთი დაახეთქა და სალონს ცეცხლი წაუკიდა.
ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?
მეორე ეპიზოდში ჯეიმს მეიმ Hilux-ი 73 მეტრის სიმაღლის კორპუსის სახურავზე აიყვანა, რომელიც აფეთქებით უნდა დაენგრიათ. შენობის ჩამოშლისა და ნანგრევებისგან გაწმენდის შემდეგ, პიკაპი მაინც დაიქოქა... მოგვიანებით ეს დასახიჩრებული მანქანა Top Gear-ის სტუდიაში 2004-დან 2016 წლამდე საპატიო პედესტალზე იდგა, ახლა კი შოტლანდიის Grampian Transport Museum-ში ინახება.