საქართველო, საავტომობილო გზები, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქვეშეთი–კობის გზა
Aa
Aa

ქვეშეთი–კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება

ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ხიდის თაღის სიგრძე 300 მეტრია, რასაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. 

„თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა“, — ვკითხულობთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქვეშეთი–კობის პროექტი 23-კილომეტრიანი, 2-ზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს, დამატებით კი,  ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციასაც. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე მუშაობა მიმდინარეობს, მათგან ერთი, დასრულებულია. 

ასევე დასრულებულია 9-კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში, რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები.

ასევე დასრულებულია 1.5-კილომეტრიანი და 500-მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები