რუსეთი, საწვავის კრიზისი, ელექტრომობილები
Aa
Aa

საწვავის დეფიციტის გამო, რუსეთში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაორმაგდა

ზაფხულის თვეებში, რუსეთში ახალი ელექტრომობილებისა და plug-in (დასამუხტი) ჰიბრიდების გაყიდვები გაორმაგდა. ამ ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, რა საკვირველია, ქვეყანაში საწვავზე შექმნილი დეფიციტი გახდა. დეფიციტი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებმა გაამწვავა, რაც ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებშიც აისახა.

ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

ანალიტიკური სააგენტო Autostat-ის მონაცემებით, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით რუსეთში 26 543 ახალი ელექტრომობილი და დასამუხტი ჰიბრიდი გაიყიდა. გასული წლის იმავე პერიოდში კი გაყიდვები 12 187 ერთეულს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში გაყიდვები დაახლოებით 118%-ით გაიზარდა.

რუსეთში საწვავის დეფიციტი ივნისის დასაწყისიდან გამწვავდა, მაშინ, როდესაც უკრაინამ ქვეყნის მსხვილ ნავთობგადამმუშავებელზე იერიშები გააძლიერა. შედეგად, რამდენიმე ქარხანაში მუშაობა შეჩერდა ან წარმოება შემცირდა.

Reuters-ის მონაცემებით, აგვისტოს ბოლოსთვის რუსეთში ბენზინის წარმოება ქვეყნის შიდა მოხმარების დაახლოებით 70%-მდე შემცირდა. საწვავისთვის კი მძღოლებს ბენზინგასამართ სადგურებზე საათობით ყოფნა უწევდათ.

ამ ვითარებამ მომხმარებლების ნაწილს ელექტრომობილებისკენ უბიძგა, რადგან ეს უკანასკნელი შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილებზე იაფი ალტერნატივა გამოდგა. ნაწილი კი ავტომობილების გაზზე გადაყვანასაც განიხილავდა.

მიუხედავად გაყიდვების სწრაფი ზრდისა, რუსეთში ელექტრომობილების ბაზარი ჯერ კიდევ მცირეა. ამის მიზეზი EV-ების დასამუხტი სადგურების შეზღუდული რაოდენობა, ქვეყნის მასშტაბი და მკაცრი კლიმატური პირობებია.

Autostat-ის მონაცემებით, ელექტრომობილებისა და plug-in ჰიბრიდების მთლიანმა წილმა, გასულ წელს, რუსეთში ავტომობილების გაყიდვების მხოლოდ 4.3% შეადგინა. ამასთან, სააგენტოს შეფასებით, ზაფხულის თვეებში ელექტრომობილების გაყიდვები მიწოდების პრობლემის გამოც შეიზღუდა. მწარმოებლები და იმპორტიორები მსგავსი მასშტაბის ზრდისთვის მზად არ აღმოჩნდნენ, რის გამოც გაზრდილი მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები